
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალური სივრცე“ ეთერს წყვეტს. გუნდის ინფორმაციით, მენეჯმენტმა პროექტი ფაქტობრივად დახურა მას შემდეგ, რაც გადაცემის წამყვან ნინო ზაუტაშვილთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა.
ჟურნალისტებმა მაუწყებლის შენობასთან საჯარო განცხადება გააკეთეს, სადაც თქვეს, რომ მათ შესთავაზეს მუშაობა სხვა ფორმატებში, თუმცა ეს მათი პროფესიული დაშლის მცდელობად აღიქვეს და შეთავაზებაზე უარი თქვეს.
"ხელმოწერა ნიშნავს საკუთარი ხელით დავთანხმდეთ იმ სივრცის დახურვას, რომელიც საზოგადოებისთვის შევქმენით|, – აღნიშნა რეპორტიორმა თამარ მშვენიერაძემ.
გადაცემა "რეალური სივრცე" 12 წლის წინ შეიქმნა და წლების განმავლობაში ასახავდა სოციალურ და საზოგადოებრივ საკითხებს. ყოფილი წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ მაუწყებლის ახალ პოლიტიკას მხოლოდ ერთგული კადრები სჭირდება, ხოლო განსხვავებულ აზრს ეთერში აღარ დაუშვებს.
ჟურნალისტები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომლებიც ღიად აკრიტიკებდნენ მაუწყებლის მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას და მხარდაჭერას უცხადებდნენ პატიმარ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, მაუწყებლიდან 11 აპრილს გაათავისუფლეს.