ტელეკომპანია ფორმულას ვაშინგტონის ბიურომ მოიპოვა ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომელიც მან 2012 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს მიწერა.
ივანიშვილმ კლინტონს წერილი არჩევნებამდე 1 თვით ადრე მიწერა. ის ვიკილიქსის ბაზებშია ნაპოვნი.
მაშინდელ მიმართვაში ივანიშვილი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე საუბრობდა და ჰილარი კლინტონს იმაშიც არწმუნებდა, რომ ქართული ოცნება ერთგულია საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის გაღრმავებისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანების. ამასთან, ივანიშვილი ამბობდა, რომ "ქვეყნის ინსტიტუტებს ერთი პარტია მართავს, რომელიც უარყოფს დემოკრატიის პრინციპს".
"თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების არსებობა არის ქართველი ხალხის სანუკვარი მიზანი მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა 20 წლის წინ. სამწუხაროდ, ძველი ჩვევების გადალახვა რთულია. ჩვენს ერს ჯერ კიდევ აკონტროლებენ ერთპარტიული ინსტიტუტები ისეთი ლიდერის ხელში, რომელიც უარყოფს დემოკრატიის უმთავრეს პრინციპს - რომ ერთ დღეს უნდა დატოვოს თანამდებობა.ქართველი ხალხი ელოდება მკაფიო სიგნალს, რომ ამერიკას ესმის და მხარს უჭერს მათ ოცნებებს დემოკრატიაზე. ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც თქვენი აზრით, სასარგებლოა ჩვენი ოცნების რეალობად ქცევისთვის", - წერდა ბიძინა ივანიშვილი წერილში, რომელიც ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელმა, დემნა დევდარიანმა მოიპოვა.
***
წლების შემდეგ მმართველი პარტიის რიტორიკა მკაფიოდ შეიცვალა და დასავლეთის კრიტიკის სამიზნე არა ერთხელ გახდა. სახელმწიფო დეპარტამენტმა, რუსული კანონის მიღების გამო, ხელისუფლების 40-მდე წარმომადგენელი დაასანქცირა, გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ 95 მილიონი დოლარის დახმარება შეაჩერა.