რას ითვალისწინებს მთავრობის დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა
საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის დოკუმენტი შეიმუშავა.
"საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმა" - ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის ობიექტი უკვე გახდა.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მეხუთე პრიორიტეტის განხორციელების მიზნით და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, წინამდებარე სამოქმედო გეგმა შემუშავებულია შვიდი მიმართულებით კანონმდებლობისა და მექანიზმების საფუძველზე:
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა (კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და კორუფციის პრევენცია, ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ორგანოს (GRECO) მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია);
- სახელმწიფო შესყიდვები (სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვა);
- კონკურენციის პოლიტიკა (ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება);
- მართლმსაჯულება;
- ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა (ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის გაძლიერება, მათ შორის იურიდიული პირებისა და შეთანხმებების გამჭვირვალობა, მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციაზე დროული და ეფექტური წვდომა MONEYVAL-ისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად);
- პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი;
- მედია (მედიის პლურალიზმის გაძლიერება და მედიამფლობელობის გამჭვირვალობა).
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელსაც დოკუმენტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას ეხება. სამოქმედო გეგმის თანახმად, იურიდიულ პირებს საარჩევნო შემოწირულების გაკეთება აეკრძალებათ; თითოეული მხარისთვის ხარჯების ზედა ზღვარი კიდევ უფრო დაბლა შემცირდება, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს ხარჯების ანგარიშების გამოქვეყნება მოუწევთ.