კასპის მუნიციპალიტეტში პოლიციელსა და ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მომხდარზე სამ პირს ბრალდება წარედგინა.
გამოძიების ვერსიით, 16 ივლისს კასპი-მეტეხის საავტომობილო გზაზე ყოფნისას ი.კ.-ს ავტომობილს საპირისპირო სავალ ზოლში მაღალი სისწრაფით მიმავალი მ.მ. შეეჯახა და ავტომანქანა დაუზიანა - მათი თქმით, ინციდენტს ი.კ.-ს მეუღლე, შსს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ლ.ტ. შეესწრო, რომელიც ასევე ავტომანქანით მცირეწლოვან შვილთან და მშობლებთან ერთად ამ გზაზე გადაადგილდებოდა.
"ავტოსაგზაო შემთხვევას პოლიციის თანამშრომელსა და მ.მ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც ინციდენტის ადგილზე მ.მ.-ს მეგობრები - ჯ.ც., ბ.ხ., ნ.ც. და გ.ფ. მივიდნენ. ხსენებულმა პირებმა პოლიციის თანამშრომელს, მისი 4 წლის შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დასახმარებლად მისული პოლიციელის მამაც სცემეს, მცირეწლოვანის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციელის დედას და მეუღლეს", - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, ძალადობის აღკვეთის მიზნით, პოლიციელის დედამ 112-ში დარეკვა სცადა, რა დროსაც ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა მას მობილური ტელეფონი წაართვა.
"გარდა ამისა, ჯ.ც. დაზარალებულისთვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას ცდილობდა, რა დროსაც იარაღიდან გასროლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად, ეს უკანასკნელი ცეცხლსასროლ იარაღს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და სხვა ბრალდებულებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - აღნიშნავენ უწყებაში.
შსს-მ თავდაპირველად გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა პროკურატურაში აცხადებენ, რომ მ.მ.-ს და ბ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით წარედგინათ (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ), ხოლო ჯ.ც.-ს ბრალდება 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.
პროკურატურა არაფერს ამბობს ადგილობრივების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, დაპირისპირების დროს შსს-ს თანამშრომელმა ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა, რის შემდეგაც ბრალდებულებმა მას იარაღი წაართვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
იმის შესახებ, დაიწყო თუ არა გამოძიება პოლიციელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე, ფორმულა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.