ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა ლუქსემბურგში მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებთან თქვა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საფუძვლიანად განიხილავენ საქართველოში არსებულ ვითარებას.
მისი თქმით, დღეს იმსჯელებენ ზომებზე, თუ როგორ უპასუხონ საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს. მან აღნიშნა, რომ მზად არიან მიიღონ ზომები, რომლის სამიზნე იქნება საქართველოს მთავრობა და არა ქართველი ხალხი.
"ჩვენ განსაკუთრებულად გავამახვილებთ ყურადღებას ვითარებაზე საქართველოში. ვწუხვართ, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დაშორდეს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციას, უკან გადადგას ნაბიჯები კანონის უზენაესობის, ღია საზოგადოების და დემოკრატიისგან. ეს იქნება პირველი საფუძვლიანი განხილვა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ საგარეო საქმეთა საბჭოს დონეზე. გზავნილი ხმამაღალი და ნათელია - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობას დემოკრატიისკენ, დამოუკიდებლობისაკენ, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმავალ გზაზე, რასაც იმსახურებენ და რასაც მოითხოვენ საკუთარი მთავრობისგან.
ამავდროულად, როდესაც მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ხალხის ამ ნამდვილი ნების წინააღმდეგ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ზომებზე, როგორ ვუპასუხოთ მთავრობას და ამავდროულად, არ დავუკარგოთ იმედი ქართველ ხალხს. ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის, რომ ქართველი ოფიციალური პირებისთვის ევროპაში მოგზაურობა უფრო რთული გავხადოთ. ეს შეიძლება იყოს სანქციები, ასეთი რიგი ზომები, რისი მიღებაც შეგვიძლია. ჩვენ ღია ვართ ისეთი ზომების მიღებისთვის, რომლის სამიზნე იქნება კონკრეტულად საქართველოს მთავრობა და არა ქართველი ხალხი", - თქვა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალი გაიმართება, რომლის განხილვის ერთ-ერთი საგანი საქართველოც იქნება. დღევანდელ შეკრებაზე რუსული კანონის გამო საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ბრიუსელის მხრიდან შესაძლო საპასუხო ზომებზე იმსჯელებენ.
როგორც ცნობილია, მსჯელობა შეეხება მათ შორის რეაგირების მექანიზმებსაც, რომელთა შორისაა - პერსონალური სანქციები, სამთავრობო დაფინანსების შეჩერება, ვიზალიბერალიზაციის გადახედვა.
მინისტერიალის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ და აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.