რუსეთი პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა "არამეგობრული ქვეყნების" აქტივების რუსეთის ფედერალური ქონების მართვის სააგენტოსთვის დროებით გადაცემის განკარგულებას.
რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ეს საზღვარგარეთ რუსული აქტივების გაყინვის საპასუხო ზომაა.
განკარგულების ტექსტი რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს საიტზე გამოქვეყნდა.
განკარგულებაში "გარკვეული საკუთრების დროებითი მენეჯმენტის შესახებ" საუბარია, რომ იმ შემთხვევაში, თუ "არამეგობრულ ქვეყნებში" რუსეთის მოქალაქეებს საკუთრებაზე უფლებები შეეზღუდებათ ან ჩამოერთმევათ, ამ ქვეყნების მოქალაქეების იმ საკუთრებებზე, რომელიც რუსეთშია დროებით გარე მენეჯმენტის წესი გავრცელდება.
დროებითი მართვა შესაძლოა გავრცელდეს როგორც მოძრავ ასევე უძრავ ქონებაზე, ფასიან ქაღალდებზე, აქტივებსა და ქონებრივ უფლებებზე.
უცხოური აქტივების სიაში, რომლებიც საზღვარგარეთ რუსული აქტივების ჩამორთმევის გამო რუსეთის ფედერალური ქონების მართვის სააგენტოს მხრიდან დროებით მენეჯმენტს დაექვემდებარება უკვე შევიდა ორი კომპანია: Fortum (98%-ზე მეტი) და Unipro (83%-ზე მეტი).
ენერგოკომპანია Fortum, რომლის უდიდეს ნაწილსაც ფინეთი ფლობს, რუსეთის ენერგოსექტორში ერთ-ერთი უდიდესი უცხოელი ინვესტორია. გასული წლის მაისში კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთის დატოვებას გეგმავდა. კომპანიის წარმომადგენლებმა Reuters-თან ინტერვიუში თქვეს, რომ ქვეყნიდან გასვლის პროცესი გრძელდება და რუსეთში დარჩენილი აქტივების გაყიდვა მათთვის ახლა პრიორიტეტულია.
Unipro-ს 83.73%-ს კი გერმანული ენერგოკომპანიის Uniper ფლობს. გერმანულმა კომპანიამ 2022 წლის ბოლოს განაცხადა, რომ მაქსიმალურად გაემიჯნებოდა კომპანიის რუსულ ოფისს Unipro-ს, თუმცა ამ დროისთვის რუსეთში არსებული ოფისის რუსეთის მოქალაქისთვის მიყიდვა კვლავ არ იყო გადაწყვეტილი, ვინაიდან ამისთვის რუსეთის პრეზიდენტის თანხმობა იყო საჭირო.
ქონების დროებით მართვა შეწყდება სახელმწიფოს მეთაურის, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. დადგენილება ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან შევიდა ძალაში.