რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 24 მარტი რუსეთში გლოვის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში თქვა. ამასთან, პუტინი აღნიშნავს, რომ ყველა, ვინც "ტერაქტის უკან დგას, დაისჯება".
"საჭირო დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულ ოჯახს. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა. თქვენთან ერთად გლოვობს მთელი ქვეყანა, მთელი ჩვენი ხალხი. 24 მარტს რუსეთში გლოვის დღეს ვაცხადებ.
რაც შეეხება ამ დანაშაულის გამოძიებას და ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგებს, ამ დროისთვის, შეიძლება ითქვას შემდეგი - იპოვეს და დააკავეს ტერაქტში მონაწილე ოთხივე დამნაშავე, ყველა, ვინც ესროლა და მოკლა. დამალვა სცადეს და უკრაინისკენ დაიძრნენ, სადაც, წინასწარი მონაცემებით, უკრაინის მხარეს მათთვის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ფანჯარა მოამზადეს.
სულ 11 ადამიანი დააკავეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური და სხვა სამართალდამცავი უწყებები მუშაობენ ტერორისტების თანამზრახველების იდენტიფიცირებასა და გამოვლენაზე - ვინც მათ ტრანსპორტით უზრუნველყოფდა, მოამზადა იარაღისა და საბრძოლო მასალის საწყობები", - აღნიშნა მან.
გუშინ, მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სადაც ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტი უნდა გამართულიყო, უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. შედეგად, 143 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის თქმით, დაღუპულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამასთან, საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ ამ დროისთვის, 41 პირის ცხედარია იდენტიფიცირებული.
უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ვლადიმირ პუტინს აცნობა, რომ 11 ადამიანი დააკავეს, მათგან ოთხივე უშუალო მონაწილეა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. მედვედევის თქმით, თუ თავდასხმაში უკრაინელები არიან დამნაშავე, მათ რუსეთი "სათანადოდ გაუმკლავდება".
რაც შეეხება უკრაინის პოზიციას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს. უკრაინის დაზვერვა კი აცხადებს, რომ მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაციაა.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობაზე "არაფერი მიუთითებს".
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მათ საკუთარი განცხადების რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენიათ.