რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ სჯერა, რომ ამერიკელი ჟურნალისტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეიძლება მიღწეულ იქნას შეთანხმება. ევან გერშკოვიჩი გასულ წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს პუტინმა თქვა, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებები გრძელდება.
ორსაათიან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომი და სხვადასხვა საკითხი მიმოიხილა. 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის ლიდერმა დასავლელ ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა.
"სპეცსამსახურები კონტაქტში არიან. ისინი საუბრობენ... მიმაჩნია, რომ შეთანხმება შეიძლება მიღწეულ იქნას", - აღნიშნა პუტინმა.
Wall Street Journal-ის რეპორტიორი გერშკოვიჩი ქალაქ ეკატერინბურგში გასული წლის 29 მარტს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
კარლსონმა პუტინს ჰკითხა, მზად არის თუ არა, რომ რეპორტიორი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს, რაზეც მან უპასუხა: "ჩვენ მას ამერიკის შეერთებულ შტატებს დავუბრუნებთ".
თუმცაღა პუტინი ამბობდა, რომ გერშკოვიჩმა საიდუმლო ინფორმაცია მიიღო და იმაზეც მიუთითა, ვისზე აპირებენ მის გაცვლას: "ადამიანი, რომელმაც პატრიოტული გრძნობების გამო ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში ბანდიტი მოკლა...".
დიდი ალბათობით, რუსეთის პრეზიდენტი გულისხმობს ვადიმ კასიმოვს, FSB-ს თანამშრომელს, რომელმაც 2019 წელს ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა და ამჟამად გერმანიის ციხეში იმყოფება.