
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ჭიათურის მაღაროებში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის თქმით, არსებული მძიმე მდგომარეობის ფონზე რეორგანიზაცია იყო ერთადერთი იძულებითი გამოსავალი სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, და პროფკავშირებმა შეძლეს, გარკვეული სოციალური გარანტიების მოპოვება როგორც დასაქმებულებისთვის, ისე მათთვის, ვინც ვერ დასაქმდა.
„ჭიათურის მაღაროებში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, მაღაროელების ინტერესების დასაცავად, პირველივე დღიდან სრულად იყო ჩართული მოლაპარაკების პროცესში.
სწორედ ამ მიზნით, პროფკავშირის ექსკლუზიური უფლების გამოყენებით, მოწვეულ იქნა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, რათა სახელმწიფოს ჩართულობით მომხდარიყო ლიკვიდაციისთვის განწირული სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის ბრძოლა. იგეგმებოდა მიწისქვეშა სამუშაოების სრულად გაუქმება და კარიერული წესით წიაღისეულის მოპოვების გაძლიერება. აღნიშნული, ერთი მხრივ, უმუშევრად დატოვებდა მაღაროელებს, ხოლო, მეორე მხრივ, გააღრმავებდა ეკოლოგიურ ზიანს.
სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე წარმოდგენილ იქნა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ კომისიაზე არ განხილულა მხოლოდ ხელშემკვრელი კომპანიის მონაცემები ვიწრო ჭრილში. წარმოდგენილი და დეტალურად განხილული ფინანსური დოკუმენტაცია ასახავდა კომპანიის მძიმე მდგომარეობას, თუმცა ცხადია, რომ დასაქმებულები კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
შედეგად, მათ შორის, სასამართლო წესით, პროფკავშირებმა მოვახერხეთ ის, რომ ლიკვიდაციის პროცესმა გადაინაცვლა რეორგანიზაციის პროცესში, რამაც შესაძლებლობა მისცა დასაქმებულთა ნაწილს გაეგრძელებინა მუშაობა მაღაროებზე. რეორგანზაცია წარმოადგენდა მაღაროებში სამუშაო ადგილების გადარჩენის ერთადერთ იძულებით მოცემულობას.
უდიდეს გამოწვევას წარმოადგენდა საწარმოში სამუშაო პროცესის აღდგენამდე გასაცემი ხელფასისა და შემდგომ იძულებითი მოცდენის [ხელფასის 60%-ის] ანაზღაურება. ამ მიმართულებითაც, მათ შორის პროფკავშირების გარანტიითა და მოძიებული რესურსით, შევძელით თანხის გარკვეული ნაწილის დასაქმებულთათვის გადახდის უზრუნველყოფა, რათა მაღაროელებს შეძლებოდათ საარსებოდ აუცილებელ ელემენტარულ ხარჯებთან გამკლავება.
პარალელურ რეჟიმში, სახელმწიფოს ჩართულობით, აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკება, სადაც ვითხოვდით რეორგანიზაციის პროცესის სამართლიანად განხორციელებასა და არსებული დავალიანებების სრულად და დროულად დაფარვას. ასევე, შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, გასაცემი კომპენსაციის ადეკვატურ ოდენობას, იმ დასაქმებულებისთვის, ვინც მიიღო მონაწილეობა რეორგანიზაციის პროცესში და ვერ დასაქმდა.
კომპანია გეგმავდა მომავალ წლამდე გადაედო მისი შეხედულებით კანონით გათვალისწინებული დავალიანებების გასტუმრება, თუმცა, დღეის მდგომარეობით, საკმაოდ რთული და მძიმე მოლაპარაკებების შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ იმ პირებთან მიმართებით, ვინც ვერ დასაქმდა, კომპანია უმოკლეს ვადებში:
– გაისტუმრებს 27 აპრილამდე (რეორგანიზაციის დაწყება) მდგომარეობით არსებულ დავალიანებას სრულად (მარტისა და აპრილის თვეების დავალიანება ხელფასის 60%-ის ოდენობით);
– დაიანგარიშებს და აანაზღაურებს გამოუყენებელ შვებულებას;
– კომპენსაციის სახით დამატებით გასცემს კანონით გათვალისწინებულ ხელფასის ერთმაგ ოდენობას (100%);
– წლის ბოლომდე შენარჩუნდება ჯანმრთელობის დაზღვევის მოქმედი საოჯახო პაკეტი.
ეს არის ის, რასაც მწვავე მოლაპარაკებების შედეგად მივაღწიეთ ამ ეტაპზე. პროფკავშირს შეეძლო როგორც რეორგანიზაციის პროცესთან, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით გაგვეკეთებინა „ხმამაღალი“ განცხადებები, დავკავებულიყავით პოპულიზმით, თავიდანვე დაგვეწყო სასამართლო დავები, თუმცა ეს გამოიწვევდა იმას, რომ კომპანია საკითხის გადაწყვეტას დაუკავშირებდა სასამართლო დავის დასრულებას, რასაც შეიძლება თვეები და წლები დასჭირვებოდა.
მაგალითად ისე, როგორც ჭიანურდება სასამართლოში მიმდინარე საქმე, მაღაროში მუშაობის 10 წლიანი სტაჟის მქონე შესაბამის ასაკს მიღწეული მაღაროელებისათვის გაუცემელი დახმარების თანხის კომპანიისთვის დაკისრებასთან დაკავშირებით. იგივე მოცემულობა გვექნებოდა ახალი წლის დღეების [1-2 იანვარი] ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასამართლო დავის დაწყების შემთხვევაში, რომლის ჩარიცხვის უზრუნველყოფაც სასამართლო დავის გარეშე შევძელით.
ასევე, აღვნიშნავთ, რომ გაფიცვის დაორგანიზება ხდება იქ, სადაც ვხედავთ, რომ კომპანიას შესაბამისი ფინანსური რესურსი გააჩნია. პროფკავშირის მიზანს არცერთ ეტაპზე არ წარმოადგენდა პოპულიზმი, არამედ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მაღაროელებისათვის კონკრეტულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ორიენტირება მაქსიმალურად ეფექტური გზით.
როგორც აღვნიშნეთ, ზემოთ ჩამოთვლილი არის ის შედეგი, რომელსაც ამ ეტაპზე მივაღწიეთ და აქვე ვაცხადებთ, რომ მომართვის შემთხვევაში, სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა იმ მაღაროელს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა რეორგანიზაციის პროცესში, მაგრამ ვერ დასაქმდა.
საკითხები, რომელზედაც მოლაპარაკების კარი არ დახურულა, არის:
შესაბამისად, მზაობას გამოვთქვამთ სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ ყველას, მათ შორის, იმ პირებს, ვინც არ ჩაერთო რეორგანიზაციის პროცესში. თუმცა ამ პირებთან მიმართებით გასათვალისწინებელი იქნება სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებული რისკები“, — აღნიშნულია პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებაში.