
საქართველოს პროკურატურამ, გორში 2 არასრულწლოვანი ძმის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე, 4 არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.
როგორც შსს-ის გამოძიებით ირკვევა, 16 მაისს გორში ერთ-ერთი ბრალდებულის ინიციატივით, 2 არასრულწლოვანთან შეხვედრა შედგა, რის შემდეგაც მან, თანამზრახველებთან ერთად ძმებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
აღნიშნული ბრალდებული ქურდობისა და ცემისთვის წარსულშიც იყო ნასამართლევი.
"სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი არასრულწლოვანი 19 მაისს დააკავეს. მას, ორ სხვა არასრულწლოვანთან ერთად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანის ჯგუფურად ცემა), ხოლო ერთ არასრულწლოვანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი არასრულწლოვანის ჯგუფურად ცემა) წარედგინა", - წერია პროკურატურის განცხადებაში.