პრეზიდენტი: 29-მდე თუ არ იქნება კომპრომისული დიალოგი, არჩევნებამდე მივალთ რეჟიმის ჩამოშლით

პრეზიდენტი: 29-მდე თუ არ იქნება კომპრომისული დიალოგი, არჩევნებამდე მივალთ რეჟიმის ჩამოშლით

პრეზიდენტი სალომე ზურაბშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელი ორი გამოსავალი არსებობს.

როგორც ვიდეო მიმართვაში მან აღნიშნა, ერთი ქართული ოცნების დიალოგი და კომპრომისია, მეორე კი არჩევნებამდე რეჟიმის ჩამოშლა, რომელიც მისივე თქმით, ყოველდღიურად თავისით იშლება.

სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის მზადაა შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს და დაელაპარაკოს.

მისივე თქმით, დრო ცოტა რჩება და ეს ყველაფერი 29 დეკემბრამდე უნდა გადაწყდეს.

"იქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით დღეს, რჩება ორი გამოსავალი. ერთია, მივაღწიოთ ამ არჩევნებს უმოკლეს დროში და იმ პირობებში, რომელიც აღადგენს ამომრჩევლის ნდობას იმიტომ, რომ სხვანაირად აზრი არ ექნება; მივაღწიოთ მმართველ გუნდთან შეთანხმებას იმაზე, რომ ჩატარდება ეს არჩევნები შეთანხმებულ ვადაში და შეთანხმებულ პირობებზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ნდობა აღდგეს. ესაა ის, რისთვისაც მე გუშინ...მაგრამ არ მოსწონთ, როცა მე ვლაპარაკობ დიალოგზე, ვითომ ჩვენ ვართ რადიკალები და მეორე მხარე ყოველთვის მშვიდობის მტრედია.

დიალოგი ჩემთან უნდა იყოს და არა საზოგადოების სხვადასხვა, ცალკეულ პიროვნებებთან, რომელიც თავისთავად ცხადია, არაა აკრძალული, მაგრამ ამ საკითხებზე დიალოგი უნდა იყოს ჩემთან, როგორც მედიატორთან და იმათთან, ვინც იყვნენ მონაწილე ამ არჩევნებში, ანუ პოლიტიკური პარტიები და მათთან, ვინც აკვირდებოდა [არჩევნებს] და იცის, რა და როგორ იყო დარღვეული და მეორე მხარეს იყოს ივანიშვილი და მისი პარტიის მის მიერ დანიშნული რამდენი წარმომადგენელიც უნდა. პრინციპში, მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს, მაშინ, მეც ვიქნები მარტო და ვილაპარაკოთ. ამისთვის გვაქვს ცოტა დრო, ეს კრიზისი აღარ ითმენს. თუ [ივანიშვილი] მოვიდა იმ აზრზე, რომ ამ ქვეყანას გავუფრთხილდეთ, ამ საზოგადოებას გავუფრთხილდეთ, დავაწყნაროთ და მივცეთ ის, რაც ნამდვილადაა დაწყნარების და მშვიდობის გასაღები, მაშინ შევხვდეთ 29-მდე, რაღას გადავდოთ. მე მზად ვარ, მივიღებ ნებისმიერ ფორმატში, შევთანხმდეთ და ეს იქნება ძალიან მარტივი. 29-მდე თუ არ იქნა მიღწეული ეს კომპრომისული დიალოგი, (რასაც მინდა ხაზი გავუსვა, რომ თუ არ გვინდა ეს ქვეყანა ჩაეფლოს უარესს კრიზისში და სადაც ყველანი დავკარგავთ იმას, რაც მივაღწიეთ წლების მანძილზე), მეორე ვარიანტია - მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით. უკვე იშლება ეს რეჟიმი და ეტყობა, რომ ყოველდღიურად საზოგადოების ახალი სეგმენტები, ახალი ჩინოსნები და ახალი ბიზნესმენები უერთდებიან პროტესტს...

რეჟიმის ჩამოშლა - ეს არის ის ალტერნატივა, დიალოგი, კომპრომისი, დათმობა, ყველაფერი არ იქნება, როგორც ოცნება თვლის, საჭიროა დათმობა და აღიარება რაღაცების, თუ არა, ესაა რეჟიმის ჩამოშლა, რომელიც თავისით იშლება. აქ არავის ხელი არაა, არც ომის პარტიის, არც ღომის პარტიის, არავის ხელი არაა, არის თქვენი ხელი, ვინც ხართ ძალაუფლებაში და დროზე ვერ მოხვედით გონს"- თქვა ზურაბიშვილმა.