კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი, მარია პევჩიხი ამტკიცებს, რომ ალექსეი ნავალნი მოკლეს, რათა თავიდან აეცილებინათ მისი გაცვლა FSB-ს ოფიცერზე, ვადიმ კრასიკოვზე, რომელიც ბერლინში მკვლელობაშია მსჯავრდებული.
როგორც ის ვიდეომიმართვაში ყვება, 15 თებერვალს მან მიიღო დადასტურება იმაზე, რომ მოლაპარაკებები ფინალურ სტადიაზეა. მეორე დღე კი ნავალნის სიკვდილის შესახებ განაცხადეს.
"ამ ისტორიას გიყვებით, რათა პასუხი გქონდეთ კითხვაზე, რატომ მოკლეს ნავალნი ახლა. პუტინს ნათლად გააგებინეს: კრასიკოვის მიღების ერთადერთი საშუალება - ნავალნიზე მისი გაცვლაა", - ამბობს მარინა პევჩიხი.
პევჩიხის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ნავალნის თანამებრძოლებმა, გამომძიებელ ხრისტო გროზევის დახმარებით, მისი და სხვა პოლიტპატიმრების გაცვლის შესაძლებლობაზე დაიწყეს მუშაობა, კერძოდ რუს ჯაშუშებზე. მისი თქმით, არაერთი უცხოელი მაღალჩინოსნის უარის მიუხედავად, რამდენიმე ადამიანის დახმარებით, გეგმის განხორციელება ახლოს იყო.
პევჩიხი ამბობს, რომ ნავალნის კრასიკოვზე გაცვლის იდეა ვლადიმირ პუტინს ბიზნესმენმა რომან აბრამოვიჩმა მიიტანა.
პევჩიხი ვარაუდობს, რომ პუტინი "ნავალნის სიძულვილით არის შეპყრობილი" და "ის იმდენად სძულს, რომ საკუთარი თავის და რაციონალური ინტერესების საზიანოდ მოქმედებს".
პევჩიხს ვიდეოში თავისი ვერსიის დამამტკიცებელი რაიმე საბუთი ან მტკიცებულება არ წარუდგენია. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც მათ მოლაპარაკებებში დაეხმარნენ, ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათი ვინაობის გამხელაზე ნებართვა არ მიუღიათ.
ვადიმ კრასიკოვი, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) ოფიცრად მიიჩნევა, ბერლინში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მას 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის პარკში საქართველოს მოქალაქის, თორნიკე (ზელიმხან) ხანგოშვილის მკვლელობას ედავებიან. გერმანიის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის კვალს ხედავს, თუმცა მოსკოვი კავშირს უარყოფს.
იმის შესახებ, რომ ნავალნი შეიძლება კრასიკოვზე გაეცვალათ, გერმანულმა ტაბლოიდმა Bild-მა 18 თებერვალს დაწერა. გამოცემა წერდა, რომ მოლაპარაკებებში მოსკოვი, ვაშინგტონი და ბერლინი მონაწილეობდნენ.
თვითონ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტ, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს, 8 თებერვალს, მიანიშნა, რომ მზადაა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვი კრასიკოვზე გაცვლაზე. ამ კონტექსტში მას ნავალნი არ უხსენებია.