აშშ-ის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა სიცრუე უწოდა, კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის ბრალდებას, კრემლზე დრონებით თავდასხმაში აშშ-ის მონაწილეობაზე.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ "აშშ არაფერ შუაშია და პესკოვი ცრუობს".
"შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ აშშ-ის ჩართულობა არ ყოფილა. რაც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენ ამაში არ ვმონაწილეობდით. ჩვენ ამასთან არაფერ შუაში ვართ. პესკოვი უბრალოდ იტყუება აქ, ასე - წმინდად და მარტივად" - განაცხადა ჯონ კირბიმ.
ბრალდებას "აბსოლუტური სიცრუე" უწოდა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, გარონ გარნმაც POLITICO-სთან ინტერვიუში. "აშშ არანაირად არაა ჩარეული" - თქვა მან.
აშშ-ის ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა POLITICO-სთან საუბრისას ანონიმურობის დაცვით განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ამ დრომდე არ აქვს ვერსია, იმაზე თუ ვინ დგას დრონებით თავდასხმის უკან და რატომ მოხდა ეს.
თავდაპირველად რუსეთმა თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ეს უკრაინის მხრიდან ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობა იყო.
"ჩვენ თავს არ ვესხმით პუტინს ან მოსკოვს. ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვიბრძვით. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სოფლებსა და ქალაქებს. ჩვენ ამისთვის საკმარისი იარაღი არ გვაქვს" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კრემლზე დრონებით თავდასხმიდან 2 დღის შემდეგ დიმიტრი პესკოვმა მომხდარში აშშ დაადანაშაულა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო ბრალდებები, ხოლო აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თავდასხმის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდნენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ კრემლის ნებისმიერ განცხადებას სკეპტიკურად უყურებს.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი კი მიიჩნევს, რომ კრემლზე დრონების თავდასხმა ინსცენირება იყო.