სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მიერ ბრალდებულ ი. გ.-ს მიმართ ძალადობა არ განხორციელებულა.
პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ი.გ. №8 პენიტენციურ დაწესებულებაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განთავსდა.
"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მიერ ბრალდებულ ი. გ-ს მიმართ თითქოს ძალადობა განხორციელდა.
გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანასა და პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.
განვმარტავთ, რომ ბრალდებული ი.გ. №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. დაწესებულებაში შესახლების დღიდან ბრალდებული იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. მას შესახლებისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება და სათანადო კვლევები.
ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულ ი.გ.-ს ან მის უფლებადამცველს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პენიტენციური სამსახურის და №8 დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ რაიმე სახის საჩივარი ბრალდებულის უფლებების დარღვევის შესახებ არ დაუფიქსირებიათ", - წერია განცხადებაში.
პენიტენციური სამსახურის ცნობით, 2025 წლის 23 იანვარს ბრალდებული ი.გ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რა დროსაც დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა და დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა 112-ის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
"ბრალდებულს ჩაუტარდა საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევები და მიღებული შედეგების მიხედვით განხორციელდა შესაბამისი სამედიცინო ინტერვენცია. ამჟამად ბრალდებული ი.გ. კვლავ იმყოფება სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურ კომუნიკაციაშია ბრალდებულის ოჯახთან და სახალხო დამცველის აპარატთან. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ბრალდებული ი.გ.-ს ოჯახის წევრებს, მის უფლებადამცველებსა და სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანად და სრულყოფილად წარმართვის ინტერესის გათვალისწინებით",- ნათქვამია განცხადებაში.
***
სახლახო დამცველის აპარატის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლინიკა ვივამედში პატიმარი მძიმე დაზიანებებით მოათავსეს და სახალხო დამცველის რწმუნებული პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით, კლინიკაში იმყოფებოდა.
"საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, სახალხო დამცველის რწმუნებული ასევე, იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, საიდანაც დაშავებული ბრალდებული 23 იანვარს კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, უშუალოდ ვივამედში მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. აპარატის მიერ შეკრებილი ინფორმაციიდან დეტალების გასაჯაროებისგან თავს ვიკავებთ, ერთი მხრივ განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების დაცვის, მეორე მხრივ კი მიმდინარე გამოძიებაზე მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით", - წერია განცხადებაში
სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობით, მათთვის ცნობილია, რომ პატიმრის დაზიანებების წარმოშობის მიზეზების დადგენის მიზნით გამოძიება დაიწყო.