პატრუშევის მტკიცებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აშშ-ის ბრალია

პატრუშევის მტკიცებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აშშ-ის ბრალია

რუსეთის პრეზიდენტის დამხმარე, ნიკოლაი პატრუშევი აგვისტოს ომზე ანტიდასავლურ განცხადებას აკეთებს და ომის დაწყებას ამერიკის შეერთებულ შტატებს აბრალებს.

პატრუშევი კრემლის რიტორიკას ავითარებს და ამბობს, რომ აშშ საქართველოს საქმეებში ერეოდა.

"ტყუილი და პროვოკაცია - ეს არის ვაშინგტონის და დასავლეთის სხვა ქვეყნების თანამგზავრები. ზუსტად ამერიკელებმა 2008 წლის აგვისტოში დააორგანიზეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა, თუმცა ამტკიცებდნენ, რომ ამასთან არანაირ კავშირში არიან. აშშ-ის საქართველოს საქმეებში პირდაპირი ჩარევა გახდა მისი შემადგენლობიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოსვლის მიზეზი. ვფიქრობ, რომ ქართველმა ხალხმა იცის, რომ თავისი გასაჭირი ამერიკელების ქმედებებისგან აქვთ", - თქვა პატრუშევმა პროპაგანდისტულ მედია იზვესტიასთან საუბარში.

***

ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთი აგვისტოს ომზე პროპაგანდისტულ განცხადებებს აკეთებს და მის დაწყებაში დასავლეთსა და საქართელოს მაშინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის რიტორიკა კრემლის პროპაგანდას ემთხვევა. მაგალითად, გუშინ, გაეროში რუსეთის მუდმივი მისიის საქმეთა დროებით რწმუნებულმა, ელჩმა დმიტრი პოლიანსკიმ საქართველოს დასადანაშაულებლად ქართული ოცნების განცხადება წაიკითხა. საქართველოს აგრესორად გამოსაცხადებლად პოლიანსკიმ მმართველი პარტიის ციტირება მოახდინა.

მოგვიანებით, ქართულ ოცნებას განცხადება კრემლის პროპაგანდისტმა, თინა კანდელაკმაც მოუწონა.