პაპუაშვილი: ვხედავთ რა მძიმეა დეზინფორმაცია, რომელსაც ზოგიერთი NGO ავრცელებს

პაპუაშვილი: ვხედავთ რა მძიმეა დეზინფორმაცია, რომელსაც ზოგიერთი NGO ავრცელებს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ზოგიერთი უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია, კერძოდ საერთაშორისო გამჭვირვალობა, დეზინფორმაციას ავრცელებს, რაც, მისივე თქმით, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

"ჩვენ ვხედავთ თუ რა მძიმე დეზინფორმაციაა, რომელსაც ავრცელებს ზოგიერთი უცხოური დაფინანსებით მოქმედი NGO, კერძოდ საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელზეც მე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობ და ვაფრთხილებდი დონორებსაც, რომ მათ მიერ განხორციელებული დეზინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტის მიერ სხდომის არ ჩანიშვნა ხელს უშლის პარლამენტს რომ შეიკრიბოს არის ჩვეულებრივი დეზინფორმაცია, მიმართული კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ", - განაცხადა პაპუაშვილმა

ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს იმ დონორების პასუხისმგებლობაა, რომლებიც საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებენ.

"ეს არის უკვე დონორის პასუხისმგებლობა, რომ დღეს ჩვენ გვესმის ამ NGO-ების დეზინფორმაცია. სამწუხაროა, რომ ევროპული სახელმწიფოები და ევროკავშირისგან დაფინანსებული NGO-ები დღეს ავრცელებენ კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას, რომლის მიზანიც არის დაბნეულობის შეტანა საზოგადოებაში და რადიკალიზმის გაღვივება.

ჩვენ ვნახეთ სულ ცოტა ხნის წინ ჩამოსული 8 დეპუტატი, რომლებმაც პირდაპირ მოუწოდეს ოპოზიციას და მათ მიერ დაფინანსებულ ენჯეოებს მაიდანისკენ და ჩვენ რასაც ვხედავთ არის ენჯეოების მიერ შესრულებული ეს დავალება", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.