საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, 26 მაისის დეკორაციები ყოველ წელს თემატურია და "თუკი ვინმე პარლამენტთან [ევროკავშირის] დროშას ეძებს, თვალები გაახილოს".
პაპუაშვილმა კომენტარი ოპოზიციონერი დეპუტატების წერილზე გააკეთა, რომლითაც ისინი ოცნებას მოუწოდებენ, დააბრუნონ ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე, საქართველოს დროშასთან ერთად.
"ამასთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციამ განმარტება გააკეთა. საქართველოს პარლამენტის აღმართული არის წინ 2 დროშა - საქართველოს ეროვნული დროშა და ევროკავშირის დროშა. თუკი ვინმე დროშას ეძებს, თვალები გაახილოს და დაინახავს ამ დროშას. რაც შეეხება დეკორაციებს. დეკორაციები არის თემატური ყოველ წელს და ყოველ წელს შეესაბამება შესაბამის თემატიკას. თუკი ვინმეს ელეთმელეთი ემართება ქართული დროშის დანახვაზე დაჯდეს სახლში და მშვიდად იჯდეს სახლში და 26 მაისს საერთოდ ნუ გამოვა ქუჩაში, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ქართულ დროშას დაინახავს 26 მაისს საქართველოს ქუჩებში." - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, მან მედიიდან გაიგო, რომ ოპოზიციის ნაწილმა წერილით მიმართა.
მისი თქმით, ეს ფაქტი "იმედგამაცრუებელია" და ოპოზიცია "არარსებულ პრობლემებს იგონებს".
გასული წლისგან განსხვავებით, 26 მაისთან დაკავშირებით პარლამენტის შენობა ევროკავშირის დროშით აღარ გააფორმეს. ამის გამო ხვალ, მსვლელობა, სახელწოდებით, საქართველო ირჩევს ევროპას დაანონსდა. ორგანიზატორების განცხადეებით, მოქალაქეები 10:30 საათზე რუსთაველის ძეგლთან ევროკავშირის დროშებით შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტის ტერიტორიისკენ გაემართებიან.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სადღესასწაულო გაფორმება ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ხდება.
დღეს, 25 მაისს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ერთობლივი წერილით მიმართეს და მოუწოდეს, დააბრუნონ ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე, საქართველოს დროშასთან ერთად.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე ევროკავშირის დროშის ამოღება გამოფენილი სიმბოლიკიდან ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებას და კონსტიტუციას.