პაპუაშვილი თავს ესხმის პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, მათ საბჭოთა "მეორე მდივანს" ადარებს

პაპუაშვილი თავს ესხმის პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, მათ საბჭოთა "მეორე მდივანს" ადარებს

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც თავს ესხმის პარტნიორი ქვეყნების ელჩებს და ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წელია - "დიპლომატია გამოიყენება როგორც პროპაგანდის, შიდა საქმეებში ჩარევისა და ხელისუფლების გარედან შეცვლის საშუალებაც კი".

ვრცელ განცხადებაში ის ამტკიცებს, რომ აკრედიტებული დიპლომატები მასპინძელი ქვეყნის "საშინაო საქმეებში ერთი კონკრეტული პოზიციის მხარდაჭერას, პოლიტიკური პოზიციის გაღრმავებას, მთავრობაზე ზეწოლას ომში ჩასათრევად და რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლასაც კი ცდილობენ".

ამ კონტექსტში ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკას იხსენებს და პარტნიორი ქვეყნების ელჩებს კომუნისტური პარტიის ე.წ. მეორე მდივნის ინსტიტუტთან ადარებს.

"როდესაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩები თავიანთ უფლებამოსილებებს აჭარბებენ, ჩვენი ერთადერთი გზა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა. ქართველებს, საბჭოთა პერიოდიდან, ჯერ კიდევ კარგად გვახსოვს კომუნისტური პარტიის ე.წ. მეორე მდივნის ინსტიტუტი, რომელიც ექსკლუზიურად მოსკოვიდან ინიშნებოდა და საქართველოს შიდა საქმეებში გადამწყვეტი სიტყვა ჰქონდა. ამ მტკივნეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ, "მეორე მდივანს", დანახვისთანავე ვცნობთ", - წერს ის.