პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით "უცხოელი რას იტყვის, რა მნიშვნელობა აქვს".
ეს პაპუაშვილმა ძმათა სასაფლაოზე თქვა, სადაც ქართულ ოცნების წევრებმა 2008 წლის ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს.
პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას კვლავ იმეორებდა, რომ ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით "მანიპულაციები" არასწორია.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ 15-ზე მეტი ქვეყანა და საერთაშორისო პარტნიორები ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს მიიჩნევენ და სამძიმრის წერილს სწორედ ამ დღეს ავრცელებენ, რაზეც პაპუაშვილმა უპასუხა:
"თარიღები ქვეყნისთვის, რომელიც არის ეპიკურ ომში, რომელიც 1801 წელს დაიწყო, მხოლოდ სიმბოლური შეიძლება იყოს. რაც შეეხება იმ საკითხს, ვინ, რა, როდის დაიწყო და ვინ რა გააკეთა, სწორედ ქართულმა ოცნებამ შეძლო, რომ დაემტკიცებინა 2021 წელს სტრასბურგის სასამართლოში, 2022 წელს ჰააგის სასამართლოში და 2023 წელს კვლავ სტრასბურგის სასამართლოში პირველი, რუსეთი იყო სწორედ აგრესორი. მეორე, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია და მესამე, 5 თვის წინ ჩვენ მოვიგეთ სასამართლო, რომლითაც დადასტურდა, რომ 2008 წლამდეც რუსეთს საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული ჰქონდა. მაშინ ომი არ იყო? 7 აგვისტოს შემდეგ არის მხოლოდ ეს ომი? ჩვენს ომთან დაკავშირებით უცხოელი რას იტყვის, ამას რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენს ომთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით ყველაზე კარგად რა და როგორ არის. ჩვენ ვიცით, რომ ეს ომი არც 7-ში დაიწყო და არც 12-ში დასრულდა. მანამდე დაიწყო და დღემდე გრძელდება"- ამბობს პაპუაშვილი.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.
2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.
ქართული ოცნების ხელისუფლება ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს აღნიშნავს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი 7 აგვისტოს მიაგო.