ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ხმაურით გაიხსნა. სხდომის დაწყებამდე უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სხდომის დაწყება ნახევარი საათით დაგვიანდა.
ხმაური დეპუტატებს შორის მუზეუმიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული თანამშრომლის საკითხს მოჰყვა. ქართული ოცნების დეპუტატების გაღიზიანება ნაციონალური მოძრაობის წევრის, დავით მჟავანაძის განცხადებას მოჰყვა.
დავით მჟავანაძემ მოითხოვა პასუხები და არგუმენტები, თუ რა მიზეზით გაუშვეს სოფელ ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმის თანამშრომელი მაია გოგორიკიძე სამსახურიდან. მისი განცხადებით, ეს იყო პოლიტიკური განცხადება და მაია გოგორიკიძეს ხელისუფლებამ არ აპატია განსხვავებული შეხედულებები.
ამ განცხადებას მოჰყვა უმრავლესობის დეპუტატების გაღიზიანება, დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება. მათი განცხადებით, მაია გოგორიკიძე კანონის სრული დაცვით გაათავისუფლეს სამსახურიდან და ურჩიეს, რომ მას შეუძლია სამართლებრივი დავა დაიწყოს ამ თემაზე.
"მოინდომეს ბრიფინგის ჩატარება საკრებულოს დარბაზში, რისი შესაძლებლობაც საკრებულოს წევრებმა, თავმჯდომარემ არ მისცეს. ვინც გათავისუფლდა, კანონის სრული დაცვით გათავისუფლდა, განემარტათ მიზეზები და ყველაფერი იყო ღია, გამჭვირვალე. ვერავინ იტყვის, რომ ეს იყო დამალული პროცესი", - განაცხადა ოზურგეთის მერის მოადგილემ, გიორგი ღურდუმელიძემ.
დღევანდელ საკრებულოს სხდომას ესწრებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძეც. მისი თქმით, ქართული ოცნების დეპუტატებს "შეეშინდათ მისი სხდომათა დარბაზში დანახვა, რის გამოც, ისრები მისკენ გადაიტანეს".
"მაია გოგორიკიძე, ჩვენი მოქალაქე, რომელიც განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო გაათავისუფლეს, ამ კითხვაზე, თუ რატომ შვრება ამას ქართული ოცნება, რატომ ტოვებს ასე საგანგებოდ სხდომათა დარბაზს, მივიღეთ პასუხი, რომ ეს კითხვა დაუსვით სოფო ჯაფარიძესო. მათ იმდენად შეეშინდათ ჩემი სხდომათა დარბაზში დანახვა, რომ ხედავთ რაც ხდება. ისრები გადმოიტანეს ჩემკენ", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
დაპირისპირება დეპუტატებს შორის სხდომის დაწყების შემდეგაც მოხდა. სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატების გაღიზიანება ნაციონალური მოძრაობის წევრის, თათია ნიკოლაშვილის განცხადებამ გამოიწვია. მან მოითხოვა კითხვებზე პასუხები, მაშინ, როდესაც გურიის რეგიონში უამრავი პრობლემაა, სტიქიისგან დაზარალებული ადამიანები ამ დრომდე ელოდებიან ხელისუფლების დახმარებას, რატომ იყო გუშინ მთელი სახელმწიფო რესურსი მობილიზებული გრიგოლეთი-შეკვეთილის დამაკავშირებელ გზაზე, ბიძინა ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირების პროცესში.
"როგორც არ გრცხვენიათ, როდესაც საუბრობთ იდეალურ გარემოზე და ამ დროს, თქვენი ეკო-მანიაკი ოლიგარქი, იყენებს სახელმწიფო რესურსს და დაატარებს ხეებს? გუშინ, 7 სოფელში ადამიანებს ელექტროენერგია არ ჰქონდათ, ადამიანებს ინტერნეტი გაუთიშეს, ხეები გაჩეხა თქვენმა მანიაკმა ოლიგარქმა და ამ დროს, მთელ სახელმწიფო რესურსს როცა იყენებთ, თქვენ არ გაქვთ არაფერზე რეაქცია", - თქვა თათია ნიკოლაშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატებმა თათია ნიკოლაშვილს განცხადების გაკეთებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მისცეს. მათ თავი აარიდეს ამ შეკითხვებზე პასუხს და თქვეს, რომ დღეს ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე არ განიხილებოდა.