აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებული შტატები ამერიკულ ჯარებზე თავდასხმებს არ მოითმენს და ქვეყნის ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.
"პრეზიდენტი არ მოითმენს თავდასხმებს ამერიკულ ჯარებზე და არც მე ვაპირებ ამას. ჩვენი თანაგუნდელები ერაყსა და სირიაში მოქმედმა რადიკალებმა მოკლეს, რომლებსაც მხარს უჭერს ირანი.
7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ჯგუფები ცდილობენ კიდევ უფრო მეტი არეულობა შექმნან. ვმუშაობთ, რომ თავიდან ავიცილოთ უფრო ფართო კონფლიქტი რეგიონში, მაგრამ ჩვენი ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მივიღებთ. შესაბამისად, ჩვენ ვუპასუხებთ მაშინ, როცა ავირჩევთ იქ, სადაც ავირჩევთ და ისე, როგორც ავირჩევთ", - ამბობს ოსტინი.
იორდანიაში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის საპასუხოდ, გუშინ აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.
28 იანვარს, იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით თავდასხმას სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 30-ს აჭარბებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის ბაზაზე დარტყმები ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა მიიტანეს.
ირანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამერიკულ ბაზაზე თავდასხმასთან ოფიციალურ თეირანს არანაირი კავშირი არ აქვს. იორდანიის მთავრობამ კი მომხდარი დაგმო და დარტყმებს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.