აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, შეერთებული შტატები ისრაელს ომის პირობებს ან ვადებს არ კარნახობს.
ამის შესახებ მან ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან შეხვედრისას განაცხადა. მსჯელობის მთავარი თემა სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობა და ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა იყო. ამასთან, ოსტინმა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები გამართა.
"ეს არის ისრაელის ოპერაცია და მე არ ვარ აქ იმისთვის, რომ ვადები ან პირობები ვუკარნახო. ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის თავდაცვის უფლების მიმართ ურყევია და ეს არ შეიცვლება. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჰამასმა ვეღარ შეძლოს, დაემუქროს ისრაელს და ღაზას. ეს არის ინტერესი, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ.
დღეს გვქონდა დისკუსია ოპერაციის სტატუსის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ. ასევე იმის შესახებ, თუ როგორ შევამციროთ ზიანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ბრძოლის ველზე", - აღნიშნა ოსტინმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ისრაელში გუშინ ჩავიდა. მანამდე, ოსტინმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამ ვიზიტით სურს, დაადასტუროს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერა.