გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა არალეგალური მიგრანტების საკითხის შესახებ ისაუბრა - ის შეეხო საქართველო-მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის საკითხსაც და აღნიშნა, რომ არ არის დამაჯერებელი, EU-ში გაწევრიანების სურვილის მქონე ქვეყნები სისტემური შევიწროების ადგილად დაუშვან.
"საქართველოსა და მოლდოვის კლასიფიცირებას ვახდენთ უსაფრთხო ქვეყნებად - ორივეს უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ამიტომ არ არის დამაჯერებელი, რომ სისტემური შევიწროება დავუშვათ. ჩვენ ვაძლიერებთ ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რომ ნაკლებმა ხალხმა შეძლოს ევროპაში მოხვედრა.
ევროკავშირში სოლიდარობის ახალ მექანიზმზე შევთანხმდით: ლტოლვილები უნდა დარეგისტრირდნენ პირველ ქვეყანაში, რომელშიც შევლენ, გერმანიისკენ გატარების ნაცვლად. სამაგიეროდ, მათ სამართლიანად გადაანაწილებენ ევროპაში. იმედია, ევროპარლამენტი ამ მექანიზმს მომდევნო თვეებში მიიღებს", - განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოში გერმანიის მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ეს ნაბიჯი გულისხმობს იმას, რომ ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებლების განცხადებებს გერმანია უფრო სწრაფად განიხილავს, რაც გამოიწვევს იმ ადამიანების სწრაფ დეპორტაციას, რომლებსაც თავშესაფრის მიღებაზე უარს ეტყვიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წელსა და 2023 წლის პირველ ნახევარში ორივე ქვეყნიდან განცხადებების 99,9% უარყოფილია - მათი თქმით, გერმანიაში თავშესაფარი გასულ წელს საქართველოს 8 865-მა და მოლდოვის 5 218-მა მოქალაქემ მოითხოვა. გერმანიის განმარტებით, ორივე ქვეყანა უსაფრთხოა, რადგან იქ არ არსებობს "სახელმწიფო დევნის შიში და სახელმწიფო იცავს თავის მოქალაქეებს".