7 ოპოზიციური პარტია რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას გმობს და აღნიშნავს, რომ კანონი საქართველოს ევროპული გზის ღალატია.
გავრცელებულ განცხადებაში პარტიები მიიჩნევენ, რომ მიღების შემთხვევაში, საქართველო ასცდება ევროპულ გზას.
"ჩვენ, ქართული პროდასავლური პოლიტიკური ძალები, ვგმობთ ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის რეინიცირებას. ეს არის საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული სიტყვის კიდევ ერთხელ გატეხა და იმ ახალგაზრდების აბუჩად აგდება, რომლებმაც 1 წლის წინ დაიცვეს ჩვენი ისტორიული არჩევანი და ამით ჩვენს სამშობლოს შეუნარჩუნეს შანსი გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
დღეს, ქართული ოცნების ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ძალაუფლებისა და ანტისახელმწიფოებრივი, კორუფციული ქმედებებით მოხვეჭილი ქონების შენარჩუნება. მაშინ როდესაც ხელისუფლება თავად იქცა სიღარიბის, კორუფციის, ფასების კატასტროფული ზრდის და ქვეყნიდან მოქალაქეების გადინების მთავარ მიზეზად, ივანიშვილი ცდილობს პუტინის სტილში ჩაახშოს კრიტიკული ხმა და მოგუდოს თავისუფალი საზოგადოება. მმართველი ძალა სრულად დაიცალა ევროპული ღირებულებებისა და პრინციპებისგან.
ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიციირებული რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო ასცდება ევროპულ გზას და საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის ევროკავშირის წევრობით გარანტირებული უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის კარი კიდევ დიდი ხნით დაიკეტება.
ახლა, როგორც არასდროს, ამ ისტორიულ მომენტში, ცვლილება უნდა იქცეს თითოეული ჩვენგანის უმთავრეს პრიორიტეტად. ცვლილება, რომელიც მოიტანს მრავალპარტიულ, დემოკრატიულ მმართველობას და გახდება საქართველოს ევროპის ოჯახში დაბრუნების გარანტია"- ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი პარტიები:
დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.