სინოდის სხდომის ჩატარებიდან მეორე დღეს საპატრიარქომ სხდომის განჩინება გაავრცელა. როგორც განცხადებიდან ვკითხულობთ, სხდომაზე განიხილეს მიმდინარე კონფლიქტები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, ნათლობის პრაქტიკაზე და ეპარქიებში არსებულ ვითარებაზე.
სხდომის მდივანი იყო გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, ხოლო საკითხები საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ წარადგინა.
უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით განჩინებაში არაფერია ნათქვამი რუსეთის შესახებ.
"უკრაინასა და ღაზის სექტორში წარმოებული ომების შედეგად უკვე დიდია მსხვერპლი. ჯარისკაცებთან ერთად იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები, ბავშვები და მოხუცები, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი, რელიგიური თუ სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები; ზოგადად, ადგილი აქვს რელიგიური ნიშნით ძალადობასაც. გამოვხატავთ ღრმა მწუხარებასა და თანაგრძნობას ომის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. ტერორი, სისასტიკე, უსამართლობა... ცალსახად დასაგმობი მისი პირდაპირი ან ირიბი მხარდაჭერა - ცივილიზებული სამყაროსათვის მიუღებელი", - ვკითხულობთ განჩინებაში.
ერთ-ერთ საკითხად სინოდზე განიხილეს ჩრდილოეთ ამერიკის მმართველის, ეპისკოპოს საბას (ინწკირველი) წერილი, რომელიც ეხებოდა მასთან შეუთანხმებლად საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან სასულიერო პირების გახშირებულ ჩასვლას კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც "მის ეპარქიაში გარკვეული სირთულეებს ქმნის".
სინოდმა დაადგინა, რომ მხედველობაში იქნეს მიღებული ეპისკოპოს საბას პოზიცია, რაც "გულისხმობს ამგვარ სასულიერო პირთადმი ზომების გამკაცრებას".
კიდევ ერთ საკითხად განიხილეს ნათლობის მსახურების დროს გავრცელებულ "არასწორ პრაქტიკას", როდესაც ნათლიების დიდი რაოდენობაა.
"ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით, მიმრქმელი (ნათლია) უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც (მამაკაცი და ქალი; ასევე კანონიკური ტრადიციითვე, ზრდასრული ადამიანის ნათლობისას ნათლია უნდა იყოს იმავე სქესის). საქართველოში გამონაკლისის სახით ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა ნებადართულია მიმრქმელად (ნათლიად) კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში".
ამასთან, სინოდის წევრებმა ეპარქიებში არსებულ მდგომარეობაზე მოკლე ანგარიში წარადგინეს.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა ისიც, რომ მღვდელმთავრებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ახალგაზრდებში ღრმა აზროვნებისა და რელიგიური ცოდნის დონის ამაღლებას, ასევე დარგობრივ განათლებას, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
ამასთან, მან მოიწონა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოში სხვადასხვა საკითხზე მსჯელობისათვის მღვდელმთავრების პერიოდულად მოწვევის პრაქტიკა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მოკლე ანგარიშით მიმართა წმინდა სინოდის წევრებს.
მღვდელმთავრებმა ასევე დამატებით გამოთქვეს მოსაზრებები სოციალურ და დემოგრაფიულ საკითხებზეც", - წერია სინოდის განჩინებაში.