ომბუდსმენი: დემონსტრანტების მიმართ კონსტიტუციით, კონვენციით გარანტირებული უფლებები დაირღვა

ომბუდსმენი: დემონსტრანტების მიმართ კონსტიტუციით, კონვენციით გარანტირებული უფლებები დაირღვა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბოლო დღეების საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ "მოქალაქეების მხრიდან ცალკეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ უნდა იქნას გამოყენებული კანონით განსაზღვრული კონკრეტული, ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები, თუმცა ეს არც ერთ შემთხვევაში არ წარმოშობს მთლიანი აქციისა და მშვიდობიანი მომიტინგეების სრულად დაშლის კანონიერ საფუძველს".

ომბუდსმენმა განაცხადა, რომ 30 ნოემბრის დილის საათებში, აქციის დაშლისას, მშვიდობიან დემონსტრანტების მისამართით სპეციალური საშუალებების გამოყენებისა და ათეულობით მოქალაქის დაკავების კანონიერი გარემოება და საფუძვლები არ არსებობდა.

"გავრცელებული ვიდეო ჩანაწერების მიხედვით, სამართალდამცველები განურჩევლად ყველას მიმართ იყენებდნენ სპეციალურ საშუალებებს, აკავებდნენ ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც ფიზიკურად მისწვდებოდნენ, ახორციელებდნენ მათ დევნას შეკრების ძირითადი ლოკაციიდან დაშორებით კერძო ობიექტებშიც კი, ჯგუფურად და მრავალჯერადად ძალადობდნენ დაკავებულებზე და მიზანმიმართულად თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს.

გასულ ღამეს, მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით გარანტირებული აბსოლუტური უფლების - წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის დარღვევას.

შემაშფოთებელია, რომ ბოლო პერიოდში კონვენციის საწინააღმდეგო პრაქტიკის სახით მკვიდრდება საპროტესტო აქციების დაშლისას მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობის მასშტაბური და განმეორებადი ხასიათის ფაქტები.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებული ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახულია დაკავებულების მიმართ სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფორმები, მეთოდები და გამოვლენილი სისასტიკის ხარისხი

გასული ღამისა და დღევანდელი დღის განმავლობაში, რწმუნებულებმა 41 პირი მოინახულეს, რომელთაგან 40 პირს ადმინისტრაციული წესით დაკავებულის სტატუსი აქვს. 28 დაკავებულმა მიუთითა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტზე (რეაგირება არ სურს 12 მათგანს); დამატებით 2 პირს აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, თუმცა, ერთთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, რადგან მოთავსებული იყო სამკურნალო დაწესებულებაში, ხოლო მეორემ, რომელიც ასევე კლინიკაში იმყოფებოდა, განმარტებების გაკეთება არ ისურვა; 18 პირს, ძირითადად, სახის არეში აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანება.

პირები, რომლებიც სავარაუდო არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ, ძირითადად, მიუთითებდნენ სამართალდამცავების მხრიდან მიზანმიმართულ, მათ მიერ დაფიქსირებული სამოქალაქო პოზიციის გამო ანგარიშსწორების მიზნით განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე. ზოგიერთი დაკავებულის თქმით, ფიზიკური ძალადობა მათ მიერ ხორციელდებოდა არამარტო უშუალოდ დაკავების პროცესში, არამედ, ავტომობილშიც.

სახალხო დამცველის აპარატი ამ დროისთვისაც განაგრძობს დაკავებული პირების მონახულებას სხვადასხვა ქალაქში, რომელთა შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება.

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში", - წერია განცხადებაში.