საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული 10 ადამიანი მოინახულეს. მათი ცნობით, დაკავებულთაგან ხუთი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.
ამასთან, დაკავებულების უმეტესობის თქმით, პოლიციელებმა არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და უფლებები.ხოლო ოთხი მათგანი პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც მიუთითებს.
"11-12 იანვრის ღამეს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული 10 მოქალაქე მოინახულეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი და დაკავების დროს დაშავებული შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი.
დაკავებულთაგან ხუთი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. მაგალითად, ერთ-ერთის განცხადებით, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შედეგად გულმკერდისა და თავის არეში ტკივილები აქვს, აღენიშნება ასევე, ნაკაწრები ხელებზე.
სამი მათგანის სურვილია დაიწყოს გამოძიება, რის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატმა უკვე აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით.
დაკავებულების უმეტესობა მიუთითებს, რომ პოლიციელებმა არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და უფლებები. ოთხი დაკავებული პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც მიუთითებს.
სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს დაკავებულების მონახულების პროცესს და საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია," - ვკითხულობთ განცხადებაში.
პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე გამოცემა ბათუმელების დამფუძნებელი, მზია ამაღლობელიც საუბრობს, რომელსაც სამართალდამცავის ცემას ედავებიან.
მზია ამაღლობელს ბრალი უახლოეს 48 საათში უნდა წარუდგინონ.
გავრცელებული ინფორმაციით, ამაღლობელი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. ბათუმელების დირექტორმა მას განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი არასათანადო მოპყრობას ჰქონდა.
"ბათუმელების" ცნობით, როდესაც ამაღლობელი პირველი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, ჭყლეტაში მოხვდა და ხელზე ტკივილი იგრძნო. როგორც თავად ყვება, ხელის გათავისუფლების მიზნით, ხელი ძლიერად აიქნია და უნებურად მოარტყა პოლიციელს, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის უფროსი, რომელმაც ის მყისიერად, თავადვე დააკავა.
როგორც მზია ამაღლობელი აღნიშნავს, არასათანადო მოპყრობა განხორციელდა სწორედ პოლიციის უფროსის მხრიდან.