ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება კირბალში, საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და მკაცრი ზომების გაგრძელებას აანონსებს. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ყველა კანონიერი ზომის მიღებას მისი სუვერენული ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის საზღვრების დარღვევისგან დასაცავად".
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში ახსენებს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მის პარტიას და პარტიის წარმომადგენლებს "რადიკალებად" მოიხსენიებს. დე ფაქტო ხელისუფლება მოუწოდებს ოფიციალურ თბილისს, "დაიწყოს ერთობლივი მუშაობა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციაზე".
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება განცხადებაში ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს.
"არსებული ინფორმაციით, საქართველოს ამ მოქალაქეებმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიის რადიკალური წარმომადგენლებიდან, უკანონოდ გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი მანქანით, ტერიტორიაზე ღრმად შესვლის ღრმად შესვლის განზრახვით. ისინი აღმოაჩინა სასაზღვრო პატრულმა. სამართალდამცველებმა მიზანმიმართულად უგულებელყვეს მესაზღვრეების არაერთგზის მოთხოვნა, გადაადგილების შეჩერების შესახებ და გაფრთხილებები იარაღის გამოყენების შესახებ.
მეტიც, მათ გამოიჩინეს უკიდურესი აგრესია სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ, რაც საფრთხეს უქმნიდა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. დამრღვევების დასაკავებლად გატარებული ღონისძიებების დროს ერთი მათგანი დაშავდა, მოგვიანებით კი გარდაიცვალა, მეორე კი დააკავეს", - წერს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.
6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.
ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.
ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა.
თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.