5 კვირა ოქტომბრის არჩევნებამდე და 10 დღე უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის გადაწყვეტილების მიღებამდე - ამ ვადის ამოწურვამდე ხელისუფლებისგან მიტოვებული ემიგრანტები საკუთარი ხმების დასაცავად საკუთარი რესურსებით იბრძვის. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში წინასაარჩევნოდ ემიგრანტების მიერ შექმნილი თითქმის ყველა სამოქალაქო მოძრაობა და პლატფორმა ახლა ერთ ციფრულ სივრცეში ერთიანდება - საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება, შესაბამისი დოკუმენტების შეგროვება, უფასო იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო საკითხებზე - ამ და სხვა ბარიერების დაძლევაში დაეხმარებიან ემიგრანტები ერთმანეთს.