რუსული სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, ნიჟეგოროდის ოლქში [ნიჟნი-ნოვგოროდში] ააფეთქეს ავტომობილი, რომლითაც პროპაგანდისტი მწერალი ზახარ პრილეპინი გადაადგილდებოდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა პრილეპინის მძღოლი, ხოლო თავად პროპაგანდისტი დაშავდა.
RIA წერს, რომ პრილეპინს ტვინის შერყევა და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ავტომობილის აფეთქება დაუსახლებელ პუნქტში მოხდა, როცა პროპაგანდისტი ოკუპირებული დონბასიდან მოსკოვში ბრუნდებოდა.
ზახარ პრილეპინი რუსი პროპაგანდისტია, რომელიც 2015 წლიდან უკრაინის ოკუპირებულ დონბასში იმყოფება. მას სხვადასხვა პერიოდში ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. თანამდებობები ეკავა, მათ შორის პრილეპინი იყო მაშინდელი დე ფაქტო ხელმძღვანელის "მრჩეველი", ხოლო 2017 წელს ის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურის მოადგილე გახდა. 2018 წელს პრილეპინმა თანამდებობა დატოვა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში მან ფედერალური სამსახურის ეროვნულ გვარდიასთან ხელი მოაწერა კონტრაქტს და დონბასში საომრად ჩავიდა.
მომხდარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვაც გამოეხმაურა: კრემლის რიტორიკა უცვლელია - ზახაროვამ მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა, რომელსაც ზახაროვას თქმით, ამერიკა და დიდი ბრიტანეთი მართავენ.
მიმდინარე წლის 2 აპრილს პეტერბურგში მდებარე ერთ-ერთ კაფეში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც კრემლის პროპაგანდისტი ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა. ტატარსკი აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის ომს უკრაინაში. აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ქალმა ვლადლენ ტატარსკის ყუთით საჩუქარი გადასცა - დარია ტრეპოვა მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს.
გასული წლის 20 აგვიტოს ააფეთქეს კიდევ ერთი რუსი პროპაგანდისტი დარია დუგინა. იმავე მანქანაში თავად ალექსანდრ დუგინი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა. სავარაუდოდ, სამიზნე სწორედ ის იყო. 21 აგვისტოს მის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა, რუსეთის "ეროვნული რესპუბლიკური არმიის მებრძოლებმა" აიღეს. რუსული ФСБ აცხადებს, რომ დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნეს. მათი მტკიცებით, მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს, შემსრულებელი კი უკრაინის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ნატალია ვოვკია, რომელიც "დანაშაულის ჩადენის შემდეგ ესტონეთში მიიმალა".
ოფიციალური კიევი ბრალდებებს უარყოფს.