
ჰოლივუდელი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ ნიუ-იორკში სექსუალური ძალადობის საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო. მხარეებმა სასამართლოში დასკვნითი სიტყვები უკვე წარადგინეს.
პროკურორები ამტკიცებენ, რომ ვაინშტაინი ძალაუფლებას იყენებდა ქალებზე ზეწოლისა და ძალადობისთვის. "ბრალდებულს მათი სხეული სურდა და რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდებოდა, მით უფრო აგრესიული ხდებოდა," — განაცხადა პროკურორმა შენონ ლუსიმ.
ვაინშტაინი ბრალდებულია სამი ქალზე — ტელევიზიის ყოფილ ასისტენტზე, დამწყები მსახიობზე და მოდელზე — სექსუალურ ძალადობაში. მისი ადვოკატი არტურ აიდალა კი ამტკიცებს, რომ პროკურატურის საქმე მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ "განადგურდება" და მოწმეთა სანდოობა ეჭვქვეშ დადგება.
გასული წლის აპრილში სააპელაციო სასამართლომ ვაინშტაინის 2020 წლის განაჩენი გააუქმა, რადგან საქმე განიხილავდა ისეთი ქალების ჩვენებებსაც, ვისი ბრალდებაც ოფიციალურად არ წარედგინა. ახალ სასამართლო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ როგორც წარსული საქმის მოწმეები — ჯესიკა მანი და მირიან ჰეილი, ასევე ახალი დაზარალებული ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ ვაინშტაინმა 2006 წელს მანჰეტენის სასტუმროში მასზე იძალადა.
73 წლის ვაინშტაინს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და ამჟამად მანჰეტენის ბელვიუს კლინიკაშია მოთავსებული. რიკერსის ციხიდან მისი გადაყვანა ადვოკატებმა მოითხოვეს.
სულ ვაინშტაინის მიმართ 100-ზე მეტმა ქალმა წამოაყენა სექსუალური ძალადობისა და შევიწროების ბრალდება. ის უკვე იხდის 16-წლიან სასჯელს კალიფორნიის საქმეზე და სავარაუდოა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ციხეში დარჩება.
ვაინშტაინის საქმე და მის ირგვლივ ატეხილი სკანდალი გახდა საწყისი იმ მასშტაბური #MeToo მოძრაობის, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით გახადა ხილული გავლენიანი კაცების მიერ სექსუალური ძალადობის სისტემური შემთხვევები.