დღეს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნიკორას მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა, რადგან მათი განცხადებით, მიიღეს შეტყობინება რამდენიმე ადამიანის ინტოქსიკაციის შესახებ.
გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ნიკორაში აღნიშნავენ, რომ ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად მოხდა სააგენტოს ყველა მითითების შესრულება და აღმოაჩინეს ქათმის ფილე გრაკო, რომელიც საკვების დასამზადებლად გამოიყენებოდა.
"მათთან აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ სად იყო მიზეზი და მივაკვლიეთ ქათმის ფილე გრაკოს, რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით გვამარაგებდა კომპანია ჯეო დისტრიბუცია. რა თქმა უნდა, ვაცნობეთ აღნიშნულ კომპანიას მომხდარის შესახებ და უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მზა კვების საწარმოს მცირე ზომიდან გამომდინარე, ამ პროდუქტით მომარაგება სულ რამდენიმე ფილიალში ხდებოდა და საბედნიეროდ, მასშტაბი პრობლემის განვრცობის ძალიან მცირეა. ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულებულის მიზნით", - აღნიშნავენ კომპანიაში.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო 2 შეტყობინება 8 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ, რომელთაც სალმონელოზი დაუდასტურდათ.
მათივე ცნობით, ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში პაციენტებმა საკვებად მიიღეს ნიკორას სასურსათო მაღაზიებში შეძენილი "კოტლეტი კიევური".