
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს ნიკა გვარამიას სასამართლოზე აღკვეთი ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.
გირაო მას ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო შეეფარდა. ის პროკურატურაში 11 აპრილს დაიბარეს და ბრალდება წარუდგინეს.
სხდომის დასრულების შემდეგ ნიკა გვარამიამ თქვა, რომ პარტიასთან ერთად გადაწყვეტს, გადაიხდის თუ არა გირაოს.
"მკაფიოდ ჩანდა, რომ კატასტროფაა პროკურატურა, უბრალოდ ასეთ სისულელეებზეც არ უნდა მოდიოდეს ასეთი მოუმზადებელი, ჩემი აზრით. ეს ის შემთხვევაა, არა მხოლოდ ჩემი, 10-დან 10 შემთხვევაში, დამოუკიდებელი მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
ნუ, 30 000 ლარი გირაო 50 დღის განმავლობაში. გადავიხდი თუ არა, ამას ვნახავთ. ამას მარტო არ გადავწყვეტ, გადავწყვეტ ჩემს გუნდთან ერთად, იმიტომ რომ ამ ყველაფერს შემხებლობა ექნება და ზემოქმედება ექნება არა მხოლოდ ჩემზე პირადად, არამედ ჩემს პარტიაზეც", - თქვა ნიკა გვარამიამ.