ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ საფრანგეთის პრეზიდენტის ინტერვიუს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსოფლიო ლიდერებმა ისრაელის ნაცვლად, ჰამასი უნდა დაგმონ. მისი თქმით, ისრაელი ცდილობდა, მშვიდობიანი მოქალაქეები კონფლიქტისგან გაერიდებინა, მაშინ, როცა ჰამასი მათ "ცოცხალ ფარად" იყენებდა.
"დანაშაულებს, რასაც ჰამასი-ISIS დღეს ღაზაში სჩადის, ხვალ ჩაიდენს პარიზში, ნიუ-იორკში და მთელი მსოფლიოს გარშემო", - განაცხადა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა BBC-სთან ინტერვიუში ისრაელს მოუწოდა, ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბა შეწყვიტოს. მისი თქმით, ქალები, ბავშვები და მოხუცები იბომბებიან, რასაც საფუძველი და ლეგიტიმაცია არ აქვს.
მან აქვე დაგმო ჰამასის ტერორისტული ქმედებები, თუმცა ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებებში მსოფლიოს სხვა ლიდერებიც ჩაერთვებიან.