უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მხრიდან ოდესაზე სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება. მისი თქმით, ეს "ნაძირლების ძალიან ნაძირლური" დარტყმა იყო.
"ოდესაში ჯერ კიდევ გრძელდება სამაშველო სამუშაოები და დახმარების უზრუნველყოფა რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ. ამ ნაძირლების ძალიან ნაძირლური დარტყმის შემდეგ: ორი რაკეტიდან მეორე მაშინ მოხვდა, როდესაც ადგილზე მაშველები და ექიმები მივიდნენ. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან სასწრაფო დახმარების მედიკოსები, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები. ვუსამძიმრებ ყველას ნათესავსა და ახლობელს.
ათობით დაჭრილია. ნანგრევების ქვეშ გრძელდება ადამიანების ძებნა. ჩართულია ყველა საჭირო სამსახური. საოლქო ხელმძღვანელობას ყველა დაშავებულის ბოლომდე დახმარება დავავალე. ჩვენი თავდაცვის ძალები აუცილებლად გააკეთებენ ყველაფერს, რათა რუსმა მკვლელებმა ჩვენი სამართლიანი რეაქცია იგრძნონ", - თქვა ზელენსკიმ.
დღეს რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაიღუპა, 73 კი დაშავდა. თავდაპირველად, ამის შესახებ ინფორმაცია ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა გაავრცელა. 16 მარტი ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.