მსოფლიო ქალი ლიდერები ღია წერილით ქართველ ხალხსა და სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ

მსოფლიო ქალი ლიდერები ღია წერილით ქართველ ხალხსა და სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ

მსოფლიო ქალი ლიდერები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ღია წერილი ეხმაურებიან და ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ.

ხელმომწერები: ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერმინისტრი ჰელენ კლარკი, აშშ-ის 67-ე სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, მექსიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პატრიცია ესპინოსა, ავსტრალიის ყოფილი ყოფილი პრემიერი ჯულია გილარდი, ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, ფინეთის ყოფილი პრემიერი სანა მარინი, ჩრდილოეთ ირლანდიის საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი წევრი მონიკა მაკუილიამსი, ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი მარი რობინსონი, კოსოვოს პრეზიდენტი ვიოსა ოსმანი, ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ელენ ჯონსონ-სირლიფი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ქალთა გლობალურ საკითხებში მელანი ვერვეერი.

"ჩვენ, ხელმომწერი მსოფლიო ქალი ლიდერები, საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ბოლოდროინდელი მოვლენები თბილისში, სადაც 200 ათასზე მეტი მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა, რათა გააპროტესტოს რუსეთთან კავშირში მყოფი მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება, ევროპული მომავლისა და დემოკრატიული გზისადმი ქართველი ხალხის ღრმა ერთგულებას უსვამს ხაზს.

მმართველი პარტიის ქმედებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პირდაპირ დარღვევას. იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები ფალსიფიცირებულად და დემოკრატიული ნორმების სისტემატიურ ეროზიად მიიჩნიეს, ეს ქმედებები ღალატობს ქართველთა უმრავლესობის მხარდაჭერას, რომლებიც მხარს უჭერენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დემოკრატიულ მომავალს.

ხელისუფლების მხრიდან მუდმივი ნეგატიური რეაქციისა და შევიწროების მიუხედავად, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოავლინა ურყევი გამბედაობა და ლიდერობა, როდესაც მთავრობის ანტიდემოკრატიული ზომები დაგმო. მომიტინგეების გვერდით დგომით და "ოცნების" მმართველი პარტიის არაკონსტიტუციური ქმედებების უარყოფით, მან განასახიერა თავისი ხალხის ნება და მხარი დაუჭირა დემოკრატიულ პრინციპებს, რომელთა მიღწევაც საქართველოს დიდი ხანია სურს. ის რჩება რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად ქვეყანაში, სადაც მოქმედი ხელისუფლება ძალაუფლებაში საეჭვო არჩევნებით მოვიდა.

საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივი და გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს. მოვუწოდებთ ევროკავშირს, უცხოურ ხელისუფლებებსა და მრავალმხრივ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მანდატს და საიმედო მხარდაჭერა გაუწიონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას.

საქართველო არაა იზოლირებული შემთხვევა: ეს ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში კრიტიკული ბრძოლის ველია. როგორც ქალი ლიდერები, მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას იმოქმედოს გადამწყვეტად, რათა დაიცვას საქართველოს დემოკრატია და მისი ხალხისა და პრეზიდენტის ურყევი გამბედაობა", - ვკითხულობთ წერილში.