ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელმთავრის, საბა ინწკირველის განცხადებით, დროა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე გადაწყვეტილება მიიღოს.
ფორმულას გადაცემა მრგვალ მაგიდაში მან საქართველოს ეკლესიის მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთ საკითხებს ეკლესია ყოველთვის ფრთხილად ეკიდება.
რაც შეეხება მის პოზიციას, ეპისკოპოსი აცხადებს, რომ ამ თემაზე შეკითხვები არ აქვს და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას ემხრობა, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ არსებობენ სასულიერო პირები, რომლებსაც ამ თემაზე მეტი ინფორმაცია სჭირდებათ.
"საქართველოს ეკლესიას გააჩნია თავისი არგუმენტები ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მოვა დრო, როდესაც დადგება ეს საკითხი. [...] ეკლესია ყოველთვის ფრთხილად ეკიდება ამ საკითხს და ახალი ეკლესია ავტოკეფალიური, ამას პროცესი და დრო სჭირდება, მაგრამ დადგება დრო, რომ ეს საკითხი გადაწყდება და საქართველოს ეკლესიაც მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე. ველოდებით, რომ სინოდალურ დონეზე დადგება დრო, როცა სინოდი გადაწყვეტს ამ საკითხს.
არიან სასულიერო პირები, რომლებსაც მეტი ინფორმაცია სჭირდებათ. პირადად მე მაქვს წაკითხული ბევრი ამის შესახებ და მე არ მაქვს შეკითხვები, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ცალკეული სასულიერო პირები ან მღვდელმთავრები ოკუპაციის ან ნებისმიერ თემაზე როცა გამოვდივართ და ვამბობთ ჩვენს აზრს, ამ აზრის სისავსეს გამოხატავს სინოდალური გადაწყვეტილება. ველოდებით, რომ სინოდალურ დონეზე დადგება დრო, როცა სინოდი გადაწყვეტს ამ საკითხს"- თქვა მან.
ეპისკოპოსი საბას თქმით, შეიძლება ითქვას, რომ მღვდელმთავრების უმრავლესობა მასავით ემხრობა ამ საკითხის ისე გადაწყვეტას, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალია აღიაროს.
"ჩვენი ქვეყნის და მათ შორის ჩვენი ეკლესიის ინტერესებიდან [გამომდინარე], კიდევ არის თემები, რომლებიც, რა რა თქმა უნდა, ჩვენგან სიფრთხილეს იწვევს მითუმეტეს ახლა, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული დაპირისპირებებია, უკრაინაში ომი მიმდინარეობს.. ყველაზე დიდი ბოროტება რაცაა, არის ომი და გამართლება, რაც ჩვენ გვესმის რუსეთის ეკლესიის მხრიდან, ეს უფრო მეტად შემაშფოთებელია. ეკლესია ვერასდროს ვერ იტყვის, რომ ადამიანის კვლა და ომი შეიძლება, იყოს გამართლებული ნებისმიერი კუთხით, რაც არ უნდა იყოს. ამ შემთხვევაში გვაქვს ფაქტი უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომ ერთი ქვეყანა დაესხა თავს მეორე ქვეყანას და აქ ზედმეტია საუბარი იმაზე, ვინ არის დამნაშავე, ზოგჯერ ადამიანებს უნდათ გაამტყუნონ, მაგრამ როგორც თეთრი და შავი, ისეა. ამ ომში შეიძლება ვამბობდეთ, რომ ისტორია იტყვის, მაგრამ ჩვენ ვქმნით ისტორიას და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, ის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ პრობლემა გვაქვს, მას აქვს პრობლემა უკრაინასთანაც. სისხლით არ ძღება ეს ქვეყანა"- აცხადებს ეპისკოპოსი.
უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი კონსტანტინეპოლის პატრიარქისგან 2019 წლის დასაწყისში მიიღო.
შედეგად, უკრაინის ეკლესია ოფიციალურად გამოეყო რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ავტოკეფალიის მინიჭება.
რუსეთის ეკლესიამ მასთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა. საქართველოს საპატრიარქოში ამ დრომდე უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.