მოსკოვში მომხდარი თავდასხმის საქმეზე ტაჯიკეთში 9 ადამიანი დააკავეს.
მედიის ინფორმაციით, ისინი ეჭვმიტანილი არიან თავდამსხმელებთან და ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი დაჯგუფება ხორასანთან კავშირში.
გამოცემა Reuters-ის ცნობით, ყველა ეჭვმიტანილი ორშაბათს, ქალაქ ვახდატში დააკავეს და დუშანბეში გადაიყვანეს. თუმცა კონკრეტულად რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ თავდამსხმელებთან, უცნობია.
ამასთან, რუსეთში, Crocus City Hall-ის თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი გუშინ დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, დაკავებული თავდასხმის მონაწილეების დაფინანსების სქემაში იყო ჩართული.
შეიარაღებული თავდასხმა საკონცერტო დარბაზში 22 მარტს, საღამოს მოხდა. შენობაში 6 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან სულ მცირე 144 დაიღუპა, 328 კი დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ავღანურმა ფრთამ აიღო.