პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, უკრაინა NATO-ს ინტერესებისთვის იბრძვის და ის ალიანსისკენ სწრაფ გზას იმსახურებს.
"უკრაინა NATO-ს ინტერესებისთვის იბრძვის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის მოკავშირე სახელმწიფოებს და ამიტომ, ალიანსის შემადგენლობაში ყოფნას იმსახურებს.
მიმაჩნია, რომ უკრაინა იმსახურებს, შესთავაზონ ძალიან სწრაფი გზა NATO-სკენ", - თქვა პოლონეთის პრემიერმა.
მორავეცკის თქმით, ეს საკითხი ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინის სახელმწიფო სისტემის გარკვეული პრობლემები. მან ასევე მოუწოდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან ტერიტორიულად მოშორებით მდებარეობენ, უკრაინას მეტი მხარდაჭერა გამოუცხადონ.
3 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ ვილნიუსში უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მკაფიო სიგნალს არ მიიღებენ, სამიტში მონაწილეობას აზრი არ აქვს. ამის შესახებ მან The Wall Street Journal-თან ინტერვიუში ისაუბრა.