მოძრაობა სირცხვილია მოსამართლეებს მიმართავს და განცხადებას ავრცელებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აქვთ ინფორმაცია, რომ სანქცირებული მოსამართლეები და მათთან დაახლოებული პირები მოსამართლეების ნების საწინააღმდეგოდ მუქარის საშუალებით მოსთხოვენ აშშ-ის, EU-ის გაკრიტიკებას, ასევე სანქცირებული მოსამართლეების მხარდაჭერას.
სირცხვილია მიმართავს მოსამართლეებს და აღნიშნავს, რომ "საქართველოს მოქალაქეები მზად არიან, გვერდით დაუდგნენ მათ და ზუსტად ისე დაიცვან, როგორც დაიცვეს საქართველო მარტის აქციების დროს".
"ძვირფასო მოსამართლე,
უკვე ორი ათწლეულია, რაც სასამართლო სისტემაში დასაქმებული ღირსეული, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლეების სახელი და რეპუტაცია მმართველი პარტიისა და სანქცირებულ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის პოლიტიკური კავშირების გამო ილახება.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ უსამართლობასთან დაპირისპირება მარტივი არ არის, თუმცა, თქვენ მარტო არ ხართ: ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მზად ვართ გვერდით დაგიდგეთ და თითოეული თქვენგანი დავიცვათ ზუსტად ისე, როგორც დავიცავით საქართველო 2023 წლის მარტში, რუსული კანონისგან, ზუსტად იმ ფორმით, როგორც ეს 2022 წლის 20 ივნისს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ყველაზე ხალხმრავალ აქციაზე გავაკეთეთ.
ჩვენი ინფორმაციით, ერთიანობის ილუზიის შესაქმნელად, სანქცირებული მოსამართლეები და მათთან დაახლოებული პირები, შეეცდებიან, თქვენი ნების საწინააღმდეგოდ მოგთხოვონ:
საჯაროდ დაუჭიროთ მხარი სანქცირებულ მოსამართლეებს;
საჯაროდ გააკრიტიკოთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები (აშშ და ევროკავშირი)
უარი თქვათ საგანმანათლებლო-გაცვლით პროგრამებზე (აშშ-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.)
ამ მიზნის მისაღწევად, სანქცირებულ მოსამართლეთა ჯგუფი შეეცდება თქვენზე გავლენა მოახდინოს:
სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით;
დაწინაურებაზე უარის თქმით;
დაწინაურების შემოთავაზებით;
მიმდინარე საქმეებიდან ჩამოშორებით;
იძულებითი მივლინებით ან სხვა ტიპის დისციპლინური სასჯელით.
ამასთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებებითა და სანქცირებულ მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის მხარდაჭერით ნათელი ხდება, რომ პოლიტიკური ხელისუფლება აპირებს გააგრძელოს პოლიტიკური მართლმსაჯულების მრავალწლიანი ტრადიცია, რომელმაც შეარყია ქართული საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ და შეანელა საქართველოს სვლა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. მმართველი პარტიის უპირობო ერთგულება სანქცირებული მოსამართლეების მიმართ ნერგავს შიშს, ნეპოტიზმსა და კონფორმიზმს სასამართლო სისტემაში, ახალისებს ფარული გარიგების კულტურას, დევნის კრიტიკულ აზრს, აქრობს მოსამართლეთა ინდივიდუალიზმს და ართმევს ქართველ ხალხს ისტორიულ შესაძლებლობას, გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი.
ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ევროპული სტანდარტების სასამართლო, სადაც:
მოსამართლეს ექნება საზოგადოების მაღალი ნდობა და პატივისცემა;
მოსამართლე აირჩევა და დაწინაურდება კეთილსინდისიერების, კომპეტენციისა და დამსახურების საფუძველზე;
მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს მიუკერძოებლად, ფაქტებზე დაყრდნობით და კანონის შესაბამისად;
მოსამართლე თავისუფალი იქნება ზეგავლენისგან, იძულებისგან, დაშინებისგან და პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩარევისგან;
მოსამართლეს ვერავინ დაემუქრება საქმიდან ჩამოშორებით, იძულებითი მივლინებით ან სხვა ტიპის დისციპლინური სასჯელით, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების გამო;
მოსამართლე დამოუკიდებლად, ფართო დისკუსიისა და კონკურენციის შედეგად, დააკომპლექტებს სასამართლო სისტემის მმართველ ორგანოს და აირჩევს თავმჯდომარეს;
მოსამართლეს ექნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სტანდარტის შესაბამისი ანაზღაურება და განსახილველ საქმეთა რაოდენობა", - წერს სირცხვილია.
* * *
5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა და ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. მოსამართლე ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზეა. რაც შეეხება ვალერიან ცერცვაძეს, ის რამდენიმე წელია სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობს.