თბილისის მერიის განცხადებით, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება. უწყების განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
"ამ დროისთვის მთლიან გამზირზე ასფალტის ახალი საფარის დაგება მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაოები ხორციელდება გიორგი ცაბაძის ქუჩის გადაკვეთაზე, რის გამოც 20 იანვრიდან 22 იანვრამდე, ორი დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება.
კერძოდ, N311, N327 ავტობუსები და N458, N476, N504 მიკროავტობუსები წერეთლის გამზირიდან მოძრაობას წინამძღვრიშვილის ქუჩისკენ გააგრძელებენ, ცაბაძის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის მიმართულებით, შემდეგ კი დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
ხოლო უკუმიმართულებით, წერეთლის გამზირისკენ მოძრაობისას, N320 ავტობუსი და N536, N551 მიკროავტობუსები აღმაშენებლის გამზირზე აღარ შევლენ და მოძრაობას თამარ მეფის გამზირზე გააგრძელებენ, შემდეგ კი წინამძღვრიშვილის ქუჩით წერეთლის გამზირს დაუკავშირდებიან.
N476, N458 მიკროავტობუსები სადგურის მოედნისკენ მოძრაობისას დავით ყიფიანის ქუჩიდან სვლას აღმაშენებლის გამზირისკენ გააგრძელებენ, რის შემდეგაც თამარ მეფის გამზირისა და წინამძღვრიშვილის ქუჩის გავლით აბასთუმნის ქუჩას დაუკავშირდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, სადგურის მოედნიდან თამარ მეფის გამზირს და აღმაშენებლის გამზირს დაუკავშირდებიან, ხოლო შემდეგ დავით ყიფიანის ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ", - აღნიშნავენ მერიაში.
16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი შეუწყვიტა. საქმე ეხება ორ კონტრაქტორ კომპანიას - შპს ერ ტე დეს და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ინსპექტირებისას დაფიქსირდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა და კომპანიების მიერ ობიექტზე სამუშაოების შეფერხებით შესრულება.
მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის წერილი 15 იანვრითაა დათარიღებული და ნათქვამია, რომ "დღეის მდგომარეობით სამუშაოები ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის".
17 იანვარს მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის იანვრის ბოლომდე დასრულებისთვის 4 კომპანიასთან კონტრაქტები გააფორმა. კონტრაქტის ჯამური ღირებულება 17 მილიონ ნახევარი ლარია.
მერიამ კონტრაქტები გააფორმა კომპანიებთან: ბლექ სი გრუპი, პარმა, ენკო, ჯეუ გრუპი.
თბილისის მერიაში ირწმუნებიან, რომ წერეთელზე საავტომობილო მოძრაობა "დათქმულ ვადაში" გაიხსნება