მიმდინარე მოვლენების გამო ეზო ფესტივალი გადაიდო. ორგანიზატორების განცხადებით, 7 ივნისს გახსნის ღონისძიება უქმდება და ის 5 ივლისს ჩატარდება. ფესტივალის განახლებული რიცხვები 5 ივლისი, 19 ივლისი და 6 სექტემბერია.
"სამწუხაროდ, მძიმე და არაპროგნოზირებადი რეალობა ამ ეტაპზე არ გვაძლევს საშუალებას შევქმნათ ფესტივალის გახსნისთვის შესაფერისი გარემო და შესაბამისად, ეზო 2024 იმ ფორმით, რა ფორმითაც ის დაგეგმილი იყო, ვერ სრულდება".
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეზო პირველივე დღიდან ღიად უერთდება საზოგადოებრივ პროტესტს. გამოქვეყნებულ პოსტში ორგანიზატორები იმ ადგილობრივი კლუბებისა და ფესტივალების გამოწვევბზე საუბრობენ, რომლებიც ყველა კრიზისის ფონზე მასშტაბურად ზარალდებიან.
"ჩვენი ინდუსტრია არის უამრავი ადამიანის სამსახური და შემოსავლის წყარო. და ჩვენ პირველ რიგში, ამ ადამიანების წინაშე ვართ პასუხისმგებელნი. აქედან გამომდინარე, გვინდა, საზოგადოებისთვის უფრო გასაგები გახდეს და მეტი ემპათიით მოეკიდოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ აისახება უამრავი ადამიანის ეკონომიკურ რეალობაზე.
სოლიდარობას ვუცხადებთ გართობის ინდუსტრიაში მომუშავე ყველა ადამიანს, რომელიც გარდაუვლად ზარალდება მიმდინარე და მომდევნო თვეების განმავლობაში, იმის მიუხედავად უქმდება, თუ ტარდება მათი დაგეგმილი ღონისძიებები.
ამ კრიზისულ მომენტში, ჩვენ ასევე გვაკისრია ვალდებულება საზოგადოების წინაშეც და ვთვლით, რომ ჩვენი ინდუსტრიის დანიშნულება ადამიანების სასიცოცხლო ენერეგიის განახლებაა, რომელიც ახლა განსაკუთრებულად გვჭირდება.
ამიტომ გამოწვევების მიუხედავად, ვცდილობთ, განვაგრძოთ არსებობა და ვემზადებით 5 ივლისს ფესტივალის გახსნის მასპინძლობისთვის", - წერენ ისინი.