მიქელაძის თქმით, ციხის ადმინისტრაციამ უარი უთხრა აზერბაიჯანულ ენაზე წიგნების შეტანაზე

მიქელაძის თქმით, ციხის ადმინისტრაციამ უარი უთხრა აზერბაიჯანულ ენაზე წიგნების შეტანაზე

სოციალური სამართლიანობის იურისტის თამთა მიქელაძის თქმით, მე-18 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ უარი უთხრა აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან აფგან სადიგოვთან აზერბაიჯანულ ენაზე წიგნების შეტანაზე.

ადმინისტრაციამ განმარტა, რომ უცხო ენებიდან მხოლოდ რუსულ და ინგლისურ ენებზე იღებენ წიგნებს.

თამთა მიქელაძის თქმით, ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

"რამდენიმე დღის წინ დავწერეთ, რომ ციხეში უსამართლოდ გამომწყვდეული აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის, აფგან სადიგოვისთვის აზერბაიჯანულენოვან ლიტერატურას ვაგროვებდით ციხეში შესაგზავნად.

ბევრმა გულისხმიერმა ადამიანმა გამოთქვა მხარდაჭერის მზადყოფნა. წიგნები მოგვცა ჰამიდ ბუკოვსკიმ, კავკასიურმა სახლმა.

თ უ მ ც ა

#18 დაწესებულების ადმინისტრაციამ უარი გვითხრა აზერბაიჯანულ ენაზე წიგნების შეტანაზე, უცხო ენებიდან მხოლოდ რუსულ და ინგლისურ ენებზე მივიღებთ წიგნებსო.

ქვეყანაში სადაც მოსახლეობის თითქმის 14 % ეთნიკური უმცირესობაა და მშობლიურ ენებზე იღებენ ზოგად განათლებას, პატიმრებისთვის ჩვენი უმცირესობების ენებზე წიგნებს არ იღებს პენიტენციური დაწესებულება?! წარმოგიდგენიათ ასეთი რეალობა?!

ქვეყანა სადაც ეთიკური უმცირესობები არა მხოლოდ პოლიტიკიდან, კულტურის სფეროდან არიან ამოშლილები და გარიყულები, არამედ ციხის ბიბლიოთეკებიდანაც.

აღარაფერს ვიტყვი უცხოელების უფლებების დაცვის პერსპექტივაზე. ამ სახელმწიფოს დაშლა და ახლიდან აწყობა უნდა. მართლაც, ახალი რესპუბლიკა გვაქვს ასაშენებელი.

პ.ს. ამ დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ მაინც", - წერს თამთა მიქელაძე.