მეზვრიშვილი: ბაზებზე არპასუხი მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში კალანდარიშვილის ჩართვას ნიშნავს

მეზვრიშვილი: ბაზებზე არპასუხი მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში კალანდარიშვილის ჩართვას ნიშნავს

გახარია საქართველოსთვის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ცესკო ამ დრომდე მალავს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებებს, კერძოდ, იმ ამომრჩეველთა შესახებ სრულ ინფორმაციას, ვინც არჩევნებზე გამოცხადდა.

მეზვრიშვილის თქმით, ბაზების გახსნასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, ცესკოს თავმჯდომარე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და არ აქვს კონკრეტული პასუხი, რაც მისივე თქმით, მიუთითებს, რომ გიორგი კალანდარიშვილი პირდაპირ არის ჩართული მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში, ეს კი სისხლის სამართლის დანაშაულია.

გიორგი გახარიას პარტია ცესკოს სმარტმატიკთან გაფორმებული კონტრაქტისა და მასში შეტანილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას, ასევე ბაზების გახსნას ითხოვს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა გადაამოწმოს - მონაწილეობდა თუ არა არჩევნებში; რომელ უბანზე მისცა ხმა; რომელ საათზე მისცა ხმა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, პარტიამ სასამართლოსაც მიმართა, რათა დაავალდებულოს ცესკო, შეასრულოს გიორგი გახარიას პარტიის მოთხოვნა, თუმცა ის ამბობს, რომ სასამართლოს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება მათი განცხადების საფუძველზე.

"რამდენიმე დღის წინ მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ, გადაუდებელი აუცილებლობით მტკიცებულების დაცვა, ვინაიდან არსებობდა მისი განადგურების რისკი. ნაცვლად იმისა, ცესკოს გაეცა კონკრეტული პასუხები, რა ვადით ინახება ხმის მიცემის აპარატებზე და ცესკოს სერვერებზე ამომრჩევლების სია, ვინც ვერიფიკაცია გაიარა, ცესკოს თავმჯდომარე ტელეეთერებით ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს ინფორმაციის გამჟღავნების უფლება არ აქვთ.

სინამდვილეში, ამ ინფორმაციის შენახვის წესის და ვადის განსაზღვრას ცესკოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ავალდებულებს და არეგულირებს. ოფიციალურ კონკრეტულ მიმართვაზე, კონკრეტული პასუხის არარსებობა ცესკოს მხრიდან ნიშნავს იმას, რომ ცესკოს თავმჯდომარე პირდაპირ არის ჩართული მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში, რაც მოგეხსენებათ, სისხლის სამართლის დანაშაულია იმ სხვა დანაშაულებთან ერთად, რომელიც არჩევნების გაყალბების პროცესში ცესკოს თავმჯდომარეს და ცესკოს ცალკეულ წევრებს აქვთ ჩადენილი.

ამ დანაშაულს სამწუხაროდ ხელს უწყობს სასამართლოც, რომელსაც ამ დრომდე არ მიუღია გადაუდებელი გადაწყვეტილება ჩვენი განცხადების საფუძველზე, აშკარად ცხადია, როგორ სისტემურად იმუშავა ცესკომ, სუს-მა, პროკურატურამ, იუსტიციის სამინისტრომ და სასამართლომ ჯერ არჩევნების გასაყალბებლად, და ახლა როგორ მუშაობენ ისინი გაყალბების კვალის დასაფარად.

ასეთი გაჭიანურების შემდეგ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიმართ ბუნებრივია ვეღარ იქნება სანდოობა, თუმცა ჩვენ მაინც მივყვებით სამართლებრივ პროცედურებს და მივმართავთ სასამართლოს, გადავდივართ სარჩელის წარდგენის შემდგომ ეტაპზე იმისთვის, რომ ყველა სამართლებრივი პროცედურა დავიცვათ", - თქვა მეზვრიშვილმა.