
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის თქმით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ, მეტად მკაცრ სანქციებს დააწესებს, თუ მოსკოვი მიმდინარე კვირაში არ გადადგამს ნაბიჯებს უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად.
"ჩვენ ვთანხმდებით, რომ თუ ამ კვირაში რეალური პროგრესი არ იქნება, ჩვენ ვიმუშავებთ ერთად ევროპულ დონეზე სანქციების მნიშვნელოვანი გამკაცრებისთვის", - ამბობს ფრიდრიხ მერცი.
მისი განმარტებით, სანქციების გამკაცრება განიხილება ენერგეტიკის სექტორსა და ფინანსურ ბაზარზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენეტი ვლადიმერ პუტინი 15 მაისს თურქეთში, სტამბოლში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვია - ეს იქნება მათი პირველი პირისპირი შეხვედრა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, თუ კრემლი თანხმობას განაცხადებს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა შეხვედრის შესაძლებლობას მიესალმა და თქვა, რომ შესაძლოა თავადაც დაესწროს მას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპის ეს იდეა შეფასა, როგორც "სწორი".
უკრაინამ და მისმა ევროპელმა პარტნიორებმა 12 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს, თუმცა რუსეთი ინიციატივას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სტამბოლში გაემგზავრება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ხუთშაბათს დაგეგმილ შესაძლო მოლაპარაკებებზე დასასწრებად.
მანამდე, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებზე გაემგზავრებიან.