მელია: ჩემი პროცესი არის 29-ში, მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიდე სასამართლოში

მელია: ჩემი პროცესი არის 29-ში, მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიდე სასამართლოში

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაოს არ გადახდის გამო ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მისვლას არ აპირებს.

ეს განცხადება მან TV პირველის ეთერში გააკეთა. ნიკა მელიას პროცესი 29 მაისს არის ჩანიშნული.

"ჩემი პროცესი არის 29-ში. მე მივიღე გადაწყვეტილება, 29-ში აქ აღარ მივიღო მონაწილეობა ანუ, არ მივიდე ფიზიკურად და არ მივალ სასამართლოში და რატომ - ხალხის პატივსაცემად. მე დღეს რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ იქ ქალებს, უფროსებს, უმცროსებს, ბავშვებს, მე არ მინდა, რომ ეს განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, ზურას ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

იქნება წარმომადგენელი ადვოკატი, იქ ადგილზე. პატიმრობისთვის არ ვაპირებ მომზადებას, ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას, შეხვედრებს, თანამებრძოლებთან, უცნობებთან, ნაცნობებთან, სხვა ქალაქებში ჩასვლა-ჩამოსვლას, ვნახოთ. სად ვიქნები, არ ვიცი", - ამბობს ნიკა მელია.

ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაოს არ გადახდის გამო ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ გამოაცხადა. ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა როგორც სხდომათა დარბაზში, ასევე სასამართლოს ეზოში, სადაც აქტივისტები და ზურაბ ჯაფარიძის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები.

აღკვეთის ღონისძიების ცვლილება პროკურატურამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ზურაბ ჯაფარიძემ 20 000-ლარიანი გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.