ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ პარტია დატოვოს. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა. მელიას თქმით, თუ დარწმუნდა, რომ ერთი პარტიული ნიშნის ქვეშ ბრძოლა შეუძლებელია, " სხვა პლატფორმით გააგრძლებენ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმთან".
მელიას თქმით, პარტიაში ყოფნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში, კონსენსუსის საფუძველზე მიიღებს.
"ძალიან განსხვავებული არის ახლა იცით, ოპოზიციაშიც, მათ შორის, ჩვენთან პარტიაშიც ვიცით, რომ არის მძიმე რეალობა, მაგრამ ვხედავ გამოსავალს ერთობაში, მაგრამ ეს ერთობა არ შეიძლება აღქმული იყოს მხოლოდ ერთ საარჩევნო სიაში ან ერთ პარტიულ სტრუქტურაში, ან თუნდაც მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთად ყოფნაში. საერთო სტრატეგიული მიზნის გარშემო ერთობა ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ მეც და ყველა ადამიანი, მჯერა.
რაც შეეხება [პარტიის] შიგნით, ფუნდამენტური განსხვავებებია დამოკიდებულებებში და ბევრ საკითხთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი, დრამატული კონტრასტული სხვაობა, რამაც გამოიწვია ღრმა ჭრილობა. ჩემი აზრით ჭრილობა, რომელიც შესაძლებელია მოუშუშებელი აღმოჩნდეს. არა იარა, არამედ ჭრილობა არის, ძალიან დიდი კონტრასტული განსხვავებებია დამოკიდებულებებში, მომავალი სახელმწიფოს მოწყობის საკითხებთან დაკავშირებით, პარტია როგორ უნდა იმართებოდეს და ა.შ.
თუმცა, თუ დავრწმუნდი, რომ გამოსავალი უბრალოდ ერთად, ერთი პარტიული ნომრის ქვეშ ბრძოლა არის შეუძლებელი, იმდენად, მე ვფიქრობ, ძალას ვიპოვით თავში პატივი ვცეთ და სხვადასხვა პლატფორმით ვებრძოლოთ სხვა ადამიანებთან ერთად ბიძინა ივანიშვილის ამ ოლიგარქიულ ხელისუფლებას. ამ წუთას, მე ნამდვილად მიჭირს ამის თამამად თქმა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები აღარაფერ შუაში არაა მას შემდეგ, რაც მოხდა. [...]
მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა, მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ეს არ არის არც 10-20-30 ადამიანის გადასაწყვეტი, მაგრამ ვთანხმდებით, რომ ერთ ორბიტაზე საერთო მიზნის გარშემო აუცილებლად ვიქნებით.
არჩევნებში როდესაც შედიხარ, შენ გჭირდება მოტივირებული ხალხი გუნდში, არ შეიძლება, რომ უნდობლობა გქონდეთ ერთმანეთის მიმართ. მე მინდა დარწმუნებული ვიყო, როდესაც ორთაბრძოლაში ხარ მოწინააღმდეგესთან, არ ველოდო ზურგიდან დანას, არც ის ელოდოს ჩემგან და ასეთ შემთხვევაში, შეიძლება მშვიდობიანად ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი და ღირსეულად დავშორდეთ და თუ სადმე ჩვენი გზები მომავალში გადაიკვეთება და დარწმუნებული ვარ, რომ გადაიკვეთება საგნობრივად მაინც, კი ბატონო. თუ არადა, მივიღებ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში ადეკვატურს, რაც იქნება კონსენსუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება", - განაცხადა მელიამ.