მექსიკაში მერობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს მოკლეს. ალფრედ კაბრერას, რომელიც ქალაქ კოუკა დე ბენიტესში იყრიდა კენჭს, წინასაარჩევნო მიტინგზე შეიარაღებულმა პირმა ესროლა.
2 ივნისის არჩევნებზე მექსიკაში უნდა აირჩიონ ახალი პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანოს წევრები, 9 გუბერნატორი და 20 ათასამდე ლოკალური ოფიციალური პირი, მათ შორის მერები. როგორც BBC წერ, ქვეყნის ისტორიაში ეს ყველაზე სისხლიანი წინასაარჩევნო პერიოდია. 20-ზე მეტი კანდიდატი მოკლულია, ხოლო ასობით პირმა მუქარა მიიღო.
ადგილობრივი მედიების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ალფრედო კაბრერა გერეროს შტატში მხარდამჭერებს ხვდება, შემდეგ მას უცნობი პირი უახლოვდება და მოულოდნელად გასროლის ხმები ისმის. 15-მდე გასროლა ისმოდა. გერეროს შტატის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მექსიკის ეროვნული გვარდიის წევრებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე მოკლეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კაბრერა პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც 2023 წელს თავდასხმის სამიზნე გახდა.
ხელისუფლების ინფორმაციით, გასული წლის სექტემბრის შემდეგ მექსიკაში 22 ადამიანი მოკლეს, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ რიცხვი უფრო მაღალია.