დინამოს ადმინისტრაცია დამატებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ მეორე იარუსი, რომელიც ფედერაციას შესთავაზეს, 41 ათასამდე მაყურებელს იტევს, რაც მიხეილ მესხის მთლიანი სტადიონის ტევადობას მნიშვნელოვნად აღემატება. მესხის სტადიონი 27 223 ადამიანს იტევს.
ეს განცხადება დინამომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის კომენტარის შემდეგ, გაავრცელა, რომელმაც თქვა, რომ "მხოლოდ მეორე იარუსის გამოყენება არასერიოზულია".
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს დინამო არენას მდგომარეობის შესახებ დამატებითი განმარტება გავაკეთოთ.
დინამო არენას ადმინისტრაციამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ორი წერილი გაუგზავნა, პირველი ეხებოდა ჩვენს მზადყოფნას, რომ სტადიონს კვლავ შეუძლია ეროვნული ნაკრების მასპინძლობა. მეორეში კი მოხდა დაზუსტება - იქიდან გამომდინარე, რომ დინამო არენას ბოლო უსაფრთხოების სერტიფიკატი არ მოიცავდა პირველი იარუსის მე-6, მე-7 და მე-8 სექტორებს, ფეხბურთის ფედერაციას ალტერნატივად შევთავაზეთ, გულშემატკივრის დაშვება მხოლოდ მეორე იარუსზე, რომელიც 41 000-მდე მაყურებელს იტევს.
შეგახსენებთ, რომ დინამო არენას ბოლო გენერალური რესტავრაცია 2015 წელს განხორციელდა და იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. რესტავრაციის ფარგლებში სრულად აღმოიფხვრა ყველა არსებული პრობლემა და შეგვიძლია მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მას შემდეგ სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა. ამას ადასტურებს ყველა საექსპერტო დასკვნა, რომელიც 2015 წლიდან დღემდე მომზადებულა", - წერია განცხადებაში.
***
საქართველო UEFA-ს ერთა ლიგის 3 მატჩს მასპინძლობს. სამივე მატჩი მესხისა და ბათუმის სტადიონებზე გაიმართება, რომლებიც დინამო არენაზე ორჯერ ნაკლებ მაყურებელს იტევს.
ფედერაციის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გულშემატკივრებში უკმაყოფილება და კრიტიკა გამოიწვია. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სტადიონი ამორტიზებულია. სპორტულ წრეებში კი მიაჩნიათ, რომ დინამოს დირექტორს რომან ფიფიას რუსული კანონის საწინააღმდეგო მოსაზრების ღიად დაფიქსირებას არ პატიობენ.
ფედერაციისთვის გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ დინამო არენას სტადიონის დირექტორი UEFA-ს ერთა ლიგის მატჩებისთვის ფეხბურთის ფედერაციას მეორე იარუსით სარგებლობასა და 41000-ზე მეტი მაყურებლის მასპინძლობას სთავაზობდა. წერილში ვკითხულობთ, რომ სტადიონი ორი დამოუკიდებლად მდგომი შენობისგან შედგება და, რადგანაც პირველი იარუსი შემოწმებას საჭიროებს, მეორე იარუსით და ვიპ ლაუნჯებით სარგებლობას სთავაზობენ.