"მარშით ევროპის მოედნისკენ" - დღეს, 19:00 საათზე, 4 ლოკაციიდან თბილისში მარში გაიმართება

"მარშით ევროპის მოედნისკენ" - დღეს, 19:00 საათზე, 4 ლოკაციიდან თბილისში მარში გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე, თბილისში ევროპის მარში გაიმართება.

ორგანიზატორების თქმით, მოქალაქეები შეკრებას 4 ლოკაციიდან დაიწყებენ: რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტრო 300 არაგველიდან და ექსპო ჯორჯიიდან.

მარშის ორგანიზატორები არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციები არიან.

"ოთხივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძვრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", - აცხადებენ ორგანიზატორები.

17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

29 აპრილს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა.

13 მაისს, 9:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის III მოსმენა ჩაინიშნა. განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია გაიმართება.